„ჩემი ხმა“: წარვადგინეთ საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით

პუბლიკა

სადამკვირვებლო კოალიციამ „ჩემი ხმა“ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ია. ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთანავე, თოლორაიამ განაცხადა, რომ სრულად იზიარებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

მისი თქმით, „ჩემი ხმის“ საჩივრები დაწერილია უბნებზე იდენტიფიცირებული ისეთი ხასიათის მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს – ფარულობას და ნების თავისუფალ გამოხატვას.

ეს ოლქებია:

  1. ბათუმში მოთხოვნილია – 33 უბნის შედეგების ბათილად ცნობა;
  2. მარნეული – 32 უბანი;
  3. გარდაბანი – 27 უბანი;
  4. ქუთაისი – 17 უბანი;
  5. გორი – 15 უბანი;
  6. თელავი – 15 უბანი;
  7. ბოლნისი – 11 უბანი;
  8. ქობულეთი – 8 უბანი;
  9. ლაგოდეხი – 8 უბანი;
  10. გურჯაანი – 8 უბანი;
  11. კასპი – 8 უბანი;
  12. ახალციხე – 7 უბანი;
  13. დედოფლისწყარო – 6 უბანი;
  14. მცხეთა – 7 უბანი;
  15. ქარელი – 7 უბანი;
  16. საგარეჯო – 6 უბანი.
  17. სიღნაღი – 5 უბანი;
  18. ზუგდიდი – 4 უბანი;
  19. ხაშური – 4 უბანი;
  20. სენაკი – 3 უბანი;
  21. ხობი – 1 უბანი;
  22. ყვარელი – 2 უბანი;
  23. ახმეტა – 2 უბანი;
  24. ბორჯომი – 2 უბანი;
  25. წალკა – 2 უბანი;
  26. ადიგენი – 2 უბანი;
  27. დუშეთი – 2 უბანი;
  28. ახალქალაქი – 1 უბანი;
  29. დმანისი – 1 უბანი.

„როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ იქნა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის/განმეორებით ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, დაკვირვების განხორციელებაში (განსაკუთრებით ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაზე) ხელის შეშლისა და შეუძლებლობის, უბანზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნისა და კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის ასობით ფაქტი”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმას“ დამკვირვებლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 1131 საარჩევნო უბანზე.