სადამკვირვებლო კოალიციამ „ჩემი ხმა“ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 417 305 მოქალაქეს.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების ბათილობის მოთხოვნით წარდგენილი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. სადამკვირვებლო მისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები სასამართლოებში დღეს გაასაჩივრა.
საჩივრები უკვე შეტანილია გურჯაანის, მცხეთის, სიღნაღის, თეთრიწყაროს, ხაშურის, თელავის, გორის, ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, ახალციხის, ახალქალაქის, რუსთავის, ბოლნისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში.
- დამკვირვებელს ხელი შეშალა დაკვირვებაში – 160 საარჩევნო უბანზე;
- მარკირება არ შემოწმებულა – 191 საარჩევნო უბანზე;
- მარკირება არ კეთდებოდა – 153 საარჩევნო უბანზე;
- ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა – 365 უბანზე;
- ფიზიკური დაპირისპირება/ძალადობა/ზეწოლა დაფიქსირდა – 85 უბანზე
- არაუფლებამოსილი პირები უბანზე ან უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ – 259 საარჩევნო უბანზე.
„ამასთანავე, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცირებულია 196 უბანი, ანუ ჩვენ მიერ დაკვირვებული უბნების 17%, სადაც დარღვევებს ჰქონდა განმეორებითი, განგრძობითი და რიგ შემთხვევაში სისტემური ხასიათი“, – აღნიშნავს „ჩემი ხმა“.