ჩემი კოლეგა არის გმირი - პაატა იმნაძე კორონავირუსით ინფიცირებულ მედიკოსზე

პუბლიკა

დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ მედიის კითხვებს უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

აჭარაში დაინფიცირებულ მედიკოსზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მისი კოლეგა გმირია.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ეს ჩემი კოლეგა არის გმირი. ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ამ პაციენტისათვის მოევლო. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან. მისი ყველა კონტაქტი მიკვლეულია და ყურადღების ქვეშ არის, მაგრამ თვითონ ეს ჩემი კოლეგა არის გმირი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია.  როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მძიმე არ არის.

არსებული ინფორმაციით, მედიკოსს ინფიცირებული შვიდი პაციენტიდან ერთ-ერთთან ჰქონდა კონტაქტი. ინფექციური საავადმყოფოს ექთანმა ტემპერატურის მატებით კლინიკას მიმართა, რის შემდეგაც მას ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა. მასთან კონტაქტში მყოფი პირები დადგენილია, მედიკოსის ოჯახის წევრები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  115 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 23 გამოჯანმრთელებულია.

ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5783 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 301.