ჩემი კომენტარის გაკეთება არასწორი იქნებოდა - ღარიბაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტზე

პუბლიკა

„ვფიქრობ, არ არის საინტერესო და ვფიქრობ, უადგილოა და საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა“, ‒ ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას, რომ ომის ფონზე „პატრიოტთა ალიანსი“ შეხვედრებს მოსკოვში მართავს.

„პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი და გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი 4 აპრილს შეხვდნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბაროვს.

გუშინ, ამავე თემას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ „ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები“.

„რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება. ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები. ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია“, ‒ თქვა კახა კალაძემ.