სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ჯავახეთის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლ-პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.
ჩართვის დროს მთავარეპისკოპოსმა ომბუდსმენის აპარატის მისამართით ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა.
„მისულები იყვნენ იქ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და ჩემი კურთხევა ასეთია, რომ ისინი არ იყვნენ იქ შეშვებულნი, რატომ ? იმიტომ, არ შეუშვეს, რომ ეს არის ხალხი, ვინც ოფიციალურად ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.
ჩემი პირადი აზრია, რომ მაგ ხალხის ბავშვთა სახლში კი არა ნებისმიერ პატიოსან ოჯახში შეშვება არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას.
ამიტომ იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვების ბედზე მე ვარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და მე ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება ბავშვათ სახლში და ბავშვებთან მიშვება, რომლებიც ითხოვენ ერთნაირსქსითან ქორწინების დაკანონება, ეს არის უმძიმესი დანაშაული, ” განაცხადა ეპისკოპოსმა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 15 აპრილს მათ რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ.
ამის მიზეზად დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.