ჩემი მინისტრობის პერიოდში პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულად - ამილახვარი

პუბლიკა

დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრად წარადგინა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი.

ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღემდე ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოები საშუალებას იძლევა, აქტიურად იმუშაონ, იმისათვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში „განათლების მიზიდულობის კერად“.

როგორც ახლად დანიშნული მინისტრი ამბობს, მისი მინისტრობის პერიოდში, პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას გააცნობს კონკრეტულ თვალთახედვას, თუ როგორ აპირებს ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ მექანიზმებს შესთავაზებენ დამსაქმებელს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის.

„ჩვენ და პირადად მე დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას, განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, ახალგაზრდებსა და სტუდენტებთან, მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ, რაც დღეს გვაქვს დარგში და უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ.

ჩვენ გვინდა, ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამითა და საგანმანათლებლო რესურსებით…

ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსებისა და პოპულარიზაციის ასამაღლებლად.

აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ ფინანსურ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ…

აუცილებლად დავუჭერთ მხარს უმაღლეს განათლებას და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი პროგრამების განხორციელება-დანერგვას, ჩვენს ევროპულ და დასავლურ უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად…“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, ყველა აღნიშნულ საკითხზე პრემიერს წარუდგენს ხედვას და გეგმას, უახლოეს პერიოდში კი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი კონკრეტული, დროში გაწერილი გაგმის თაობაზე.

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს მუშაობას.