ჩემი მთავარი ფუნქცია თქვენ ვერ გაგიგიათ – ბოლქვაძე ჟურნალისტს

პუბლიკა

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართეს და მოითხოვეს, რომ კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ელისო ბოლქვაძემ „კულტურის სფეროში მიმდინარე რეპრესიებზე“ თვალი არ დახუჭოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის წოდების ჩამორთმევას მოითხოვონ.

„ძალიან სასაცილოა ეს და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – ასე გამოეხმაურა ელისო ბოლქვაძე დღევანდელ ბრიფინგს „ტვ პირველთან“ საუბრისას.

„სწორედ ამიტომ ვმუშაობთ, რომ არ ჰქონდეთ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს პრობლემები და ვმუშაობთ ბევრ რაღაცაზე, რაც, ალბათ, თქვენ არ იცით და არ გინდათ, რომ გაიგოთ“, – უთხრა ჟურნალისტს ბოლქვაძემ.

შეკითხვაზე, კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მოთხოვნის შესაბამისად, აპირებს თუ არა კომიტეტი სამინისტროზე საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას, ბოლქვაძე პასუხობს, რომ:

„ზედამხედველობა რაზე უნდა განვახორციელოთ ჩვენ? ჩვენ საკადრო პოლიტიკაში არ ვერევით და სხვა მიმართულებები გვაქვს, კულტურის სამინისტროსაც, რასაც ვახორციელებთ ყოველდღიურად… ჩემი მთავარი ფუნქცია თქვენ ვერ გაგიგიათ“, – უთხრა ჟურნალისტს ბოლქვაძემ.

საქართველოს პარლამენტში „ლელოს“ წევრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ კულტურის სამინისტროში მინისტრ თეა წულუკიანის საქმიანობაზე იმსჯელეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიისთვის ბრიფინგი გაიმართა.

პოეტმა პაატა შამუგიამ განაცხადა, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სურთ, საკანონმდებლო ორგანოს გააცნონ თავიანთი პრობლემები. შამუგიას შეფასებით, კულტურის სფერო ჩიხშია და სერიოზული კრიზისის წინაშე დგას.

„აბსოლუტურად დახშულია კომუნიკაცია და ჩამკვდარია დიალოგი კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და სამინისტროს შორის, რაც გამოიხატება სხვადასხვა ფორმით თუმცა ყველაზე მავნე და გამანადგურებელი, ჩემი გადმოსახედიდან, რასაც ცენზურა ჰქვია და რომლის მცდელობის არაერთ მაგალითს ყოველდღე ვხედავთ, მათ შორის, „ლიტერასთან“, მწერალთა სახლთან, იქამდე წიგნის ცენტრთან დაკავშირებით… მუდმივად მიდიოდა ეს წნეხი. მე ახლა მწერლობაზე ვსაუბრობ, მაგრამ ნებისმიერ სფეროში, ეს იქნება კინოცენტრი თუ მუზეუმი, ყველგან მიდის ცენზურის მცდელობა, არათუ მცდელობა, არამედ ბევრგანაა განხორციელებული.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტმა აღასრულოს მოვალეობა. განსაკუთრებული ოპტიმიზმით არ ვართ აღჭურვილი, როდესაც ამას ვამბობთ. როდესაც კულტურის მინისტრი მოდის [პარლამენტში] იცვლება როლები და ნაცვლად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანომ მინისტრისგან ჩაიბაროს ანგარიში, კულტურის მინისტრი იბარებს ანგარიშის სახით დეპუტატების ქება-დიდებას. მოვითხოვთ, ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ აიღოს პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მტრული გარემოს, ცენზურისა და უამრავი შემაფერხებელი გარემოების გამო მოვითხოვთ, მას ჩამოერთვას მშვიდობის ელჩის ტიტული იუნესკოში. ადამიანი, ვინც კულტურის სფეროს რეპრესიებზე თვალს ხუჭავს, არ შეიძლება, მშვიდობის ელჩად მიიჩნეოდეს“, – განაცხადა შამუგიამ.