კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა, რა გეგმები აქვს თითოეული მიმართულების განვითარების კუთხით.
მისი თქმით, სამივე მიმართულებით, იქნება ეს კულტურა, ახალგაზრდობა თუ სპორტი მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება.
„კულტურის მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გარკვეული ტიპის სისტემა უფრო მკაფიო გავხადოთ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ეს სისტემა შევქმნათ ისე, რომ შემოქმედებით პროცესს ხელი კი არ შეეშალოს, არამედ შეეწყოს.
რა თქმა უნდა, ეს ის სფეროა, სადაც თავისუფლებას მოაქვს შედეგი – აზროვნებას, ქმედებას, შემოქმედებით საქმიანობას. ამიტომ ამ ტიპის თავისუფლებას, იქნება ეს სისტემის შიგნით თუ გარეთ, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბიუჯეტი არის მწირი. პირველი, რა თქმა უნდა, იქნება სტრუქტურის შექმნა და სხვა ორგანიზაციული საკითხები.
სპორტი მნიშვნელოვანი იქნება ასევე, რადგან ჩვენ გვყავს ძალიან დიდი და წარმატებული სპორტსმენები. არის არაერთი ფედერაცია, ათეულობით, რომლებსაც აფინანსებს სახელმწიფო. აქ, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვები დაისმება, როგორ არის ეს ფული დახარჯული ეფექტიანად.
მაგრამ არავისთვის არ მინდა, იყოს სიურპრიზი, რომ ჩემი მთავარი მიმართულება იქნება სწორედ მასობრივი სპორტი. პირველ რიგში მაინც ახალგაზრდა თაობა უნდა იყოს ჩართული სპორტში, სადაც არის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული, არამედ წვდომის პრობლემებიცაა“, – განაცხადა მან.
თეა წულუკიანმა სამინისტროების გაყოფის მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ერთად იმდენად დიდი სისტემა შეიქმნა (განათლება, სკოლები, უნივერსიტეტები, მეცნიერება), რომ წარმოუდგენელი იყო თანაბრად ყველგან სამინისტროს ყურადღება მაღალი ხარისხით განაწილებულიყო.
ის ამბობს, რომ სწორედ ამიტომაც გაჩნდა გამოყოფის იდეა, თუმცა არა პირვანდელი სახით. როგორც თეა წულუკიანი ამბობს, გაყოფა ოპტიმალური უნდა იყოს, იმისთვის, რომ ყველა დარგს სათანადო ყურადღება მიექცეს.