ჩემი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილად დააკავშირეს ომის კონკრეტულ ფაქტებთან - ოხანაშვილი

პუბლიკა

„ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება ნაც. მოძრაობისა და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან“, – პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავის განცხადებას განმარტავს.

ოხანაშვილის თქმით, დღეს მას ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა „ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციული ნაბიჯების და არა უკრაინაში ოკუპანტის მიერ წარმოებული ომის შესახებ“.

მისი მტკიცებით, ასე უპასუხა: „ვუპასუხე, თუ რას აკეთებდნენ ნაც. მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ!

ასევე, აღვნიშნე, რომ ასეთი გამოცდილების მქონე ხალხი უკრაინის ხელისუფლებისთვისაც არ უნდა იყოს მისაღები.

ჩემი ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის. თითქოს, ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი.

რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყანაა პასუხისმგებელი უკრაინაში ომის წარმოებაზე და იმ შედეგებზეც, რაც იქ ხდება!“, – წერს ოხანაშვილი.


მმართველი პარტიის წევრი, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, გაიცვლებოდა პოზიციები და შუამავლად „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნებოდა.

მისი თქმით, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან „კრიმინალი ადეიშვილი“ ჰყავს, მერე არავის არ უნდა უკვირდეს არც უკრაინის პოზიცია და არც საქართველოს ხელისუფლების რეაქცია.