სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომ თითქოს მას სატელეფონო ზარისას ევროკომისარი დაემუქრა.
ვარჰეი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მისი სატელეფონო საუბრის ნაწილი უკონტექსტოდ ამოიღეს და სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 23 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე საპასუხოდ, მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან არის ამოღებული.
როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, მე რეგულარულად ვეკონტაქტები ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებს, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური დისკუსიისთვის.
საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მე დიდ ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადავარწმუნო, არ მიიღოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელმაც შეიძლება შეარყიოს საქართველოს გზა ევროკავშირისკენ.
ქართული საზოგადოების ძალიან მკაფიო და კარგად გათვითცნობიერებული პროევროპული განწყობის გათვალისწინებით, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ვიგრძენი, რომ პრემიერის ყურადღება მიმექცია ამ კანონის მიღების შედეგად ისედაც მყიფე ვითარების გამწვავებაზე. რომ შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში ვნახოთ უკონტროლო სიტუაცია.
ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იყო მხოლოდ მაგალითად და მისათითებლად მოყვანილი, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.
ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არამხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ წარედგინა საზოგადოებას ისე, რომ შეიძლება ამან გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია.
მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი.
ამას ვითხოვ ასევე როგორც საქართველოსთვის კარგად ნაცნობი და აქამდე პატივცემული მეგობარი.
მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ ევროპული მომავლისთვის“, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და პარალელი გაავლო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს შემთხვევასთან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ მაღალი რანგის „უცხოელი პოლიტიკოსები ღია შანტაჟს არ ერიდებიან“.
ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ ახსენა „გლობალური ომის პარტია”.