ჩემი ოჯახის წევრებს თვითონ ეკრძალებოდათ მინისტრებთან კომუნიკაცია | სააკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ფარულ ჩანაწერზე გააკეთა პირველი კომენტარი და განმარტა, თუ რატომ ახსენებს ბერა ფარულ ჩანაწერებში მინისტრებს.

„ჩემი ოჯახის წევრების არევას მინისტრებთან არავის ვურჩევ. ჩემი ოჯახის წევრებს თვითონ ეკრძალებოდათ მინისტრებთან კომუნიკაცია. იყო რამდენიმე ეპიზოდი [ეს დედაჩემს და სანდრას არ ეხება] სხვა ჩემი ახლო ნათესავები ურეკავდნენ მინისტრებს და ეს მთავრდებოდა ცუდად. ერთხელ ჩემმა ძალიან ახლობელმა ნათესავმა მითხრა, ამ მინისტრს ვურეკავ, ამ მინისტრს ვურეკავ და არც ერთი ყურმილს არ იღებს და ვუთხარი, შენ ვინ ხარ, რახან ჩემი ნათესავი ხარ, შენი ზარი რატომ უნდა აიღოს? ყველა მინისტრი გაფრთხილებულია“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, ის და მისი ოჯახი არაერთხელ გამხდარა საჯარო სივრცეში მოქალაქეების მხრიდან შეურაცხყოფის ობიექტი.

„ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ჩემს რომელიმე შვილს რომ დაერეკა ვინმესთვის და რამე დაევალებინა საერთოდ. ის, რომ ჩემს შვილებს არ აყენებდნენ შეურაცხყოფას, ეს ასე არ არის იმიტომ, რომ მე ვიყავი ერთი-ორჯერ ჩემს შვილთან ერთად… მაგალითად, ბაკურიანში საბაგიროზე ვიყავით და ისეთი გინების კორიანტელი წამოვიდა ვიღაც ტიპებისგან. დაცვის თანამშრომელმა მკითხა, იქნებ, წავიდე დაველაპარაკოო და მე ვუთხარი, არც გაბედო-თქო. არც გაბედოთ ოდესმე ახლოს მისვლა… და ერთი შემთხვევა თუ მაინც იცის ვინმემ, რომ ჩემი ოჯახის სახელით ვინმემ ოდესმე ვინმე შეაწუხა.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, გიული ალასანია ირაკლი ღარიბაშვილის ერთხელ შეხვდა და ის შეხვედრა ღარიბაშვილის ინიციატივით გაიმართა.

“რაც შეეხება დედაჩემს, მე ვკითხე დღეს და გაიხსენა, რომ ერთადერთხელ იყო ღარიბაშვილი მისული მასთან როდესაც დედაჩემი იყო ორგანიზატორი „ჩვენებურის“ ფესტივალის და შესთავაზა დახმარება და ისიც იყო ძალიან მცირე ნაწილი რაც დაფარეს.” – განაცხადა სააკაშვილმა.