ჩემი პასუხი არის რბილი და ზრდილობიანი - თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას მიმართ გაკეთებულ კომენტარზე

პუბლიკა

„ჩემი პასუხი არის ძალიან რბილი და არის ზრდილობიანი ამ კასკადზე, რომელიც არ მთავრდება და მივიდა იქამდე, რომ ანტიგერმანულ განცხადებებს მივაღწიეთ საქართველოში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში, კითხვის საპასუხოდ, რომ განემარტა ნიკა გვარამიასადმი გაკეთებული მისი განცხადება, რომ გვარამიას თითქოს „მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ?“

თეა წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებს და საქართველოს პრეზიდენტს, ასევე მათი ოჯახების წევრებს მედია ხშირად ესხმის თავს და ის აღშფოთებულია ჟურნალისტების ნაწილის დამოკიდებულებით მათდამი. წულუკიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატია, ისიც მოქალაქეა და ჰქონდა გვარამიას ოჯახის წევრის მიმართ საპასუხოდ დაცინვით, „რომანტიკული“ ეპითეტის ხმარების უფლება.

„როდესაც მე ვამბობ ისეთ რომანტიკულ სიტყვას დაცინვით, რომ „მზეთუნახავია“, თქვენ ამით ხართ აღშფოთებული და რაც სალომეს უწოდეს, იმით არ ხართ აღშფოთებული“, – მიმართა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2-ის“ წამყვანებს და მოუწოდა, რომ მათაც დაეგმოთ ნიკა გვარამიას მიერ ხელისუფლების წარმომადგნელების მიმართ სხვადასხვა დროს გაკეთებული კომენტარები. ხოლო კითხვაზე, ახალისებს თუ არა მისი კომენტარი გვარამიას მიმართულებით სპეცსამსახურების მოქმედებას, წულუკიანი პასუხობს, რომ „ამის არ სჯერა“, რადგან გვარამია არავის „სჭირდება“.

„არავითარი წახალისება არ ყოფილა, ეს ადამიანი მე არ მჯერა საერთოდ ვის რაში სჭირდება, რომ უთვალთვალოს. ეს არის ტყუილი და როდესაც თქვენ არ რეაგირებთ იმაზე, რასაც ეს ადამიანი აკეთებს და აქ ღია ეთერში მეუბნებით, რომ მერე რა მოხდა, ის ჟურნალისტია, რას ნიშნავს ჟურნალისტია?!“, – თქვა წულუკიანმა.


„ოჯახი ყველას გვყავს. რას ამბობთ, თურმე, ძნელია, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?” – თქვა იუსტიციის ყოფილი მინისტრმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მის ოჯახს უთვალთვალებდნენ.