მხატვარი თედო რეხვიაშვილი კულტურის პოლიტიკას პერფომანსით აპროტესტებს.
მან სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ დაწვა საკუთარი ნამუშევარი, რომელიც 8 წლის წინ იმ გამოფენაზე იყო წარდგენილი, რომელიც ისტორიის მუზეუმიდან გათავისუფლებული კურატორის, ლიკა მამაცაშვილის კურატორობით გაიმართა.
„ეს ნამუშევარი „ბაბილონის დასასრული“ ბოლო ნახატი იყო გამოფენიდან „აღმოსავლური მოტივები“, რომლის კურატორიც ლიკა მამაცაშვილი გახლდათ რვა წლის წინ (ჩემი პირველი სოლო გამოფენა).
ბევრს არ ვისაუბრებ, რამხელა წვლილი მიუძღვის ქალბატონ ლიკას გარემოსა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე ქართული კულტურის სიცოცხლისუნარიანობასა და პოპულარიზაციაში, რამხელაა მისი თანადგომა ნებისმიერი ასაკის ხელოვანისადმი.
ჩემი პროტესტი არ ეხება მხოლოდ ერთი დამსახურებული პიროვნების მიმართ დანაშაულს, არამედ ის მიმართულია კულტურის ამჟამინდელი მინისტრის, კულტურისა და ხელოვნების შეურაცხმყოფლის, ქალბატონ თეა წულუკიანის მიმართ, იმ მანქანის მიმართ, რომელსაც ზემოხსენებული ადამიანი და მისი გარემოცვა ქმნის კულტურის ყველა სფეროში.
იმის მაგივრად, რომ ქართული შემოქმედებითი სივრცე გახდეს მსოფლიო თანამედროვე კულტურის თანამდევი, რელევანტური და ძიებადი, ის უკან, შეზღუდული და პროპაგანდისტული საბჭოური მსოფლმხედველობისკენ მიიწევს, სადაც ხელოვანის დამკვეთი სისტემა და „სახელმწიფოა“, ხოლო შემოქმდება დაცლილია ყოველგვარი სულიერებისგან. დროში გადაფასდება ყველა ქმედება, თუმცა ეს ის დროა, რომელიც დღეს განსაკუთრებით სწრაფად გადის, რომლის უკუათვლაც შეუძლიათ კონკრეტულ ადამიანებს… ქართველებს, კი სახეზე გვაქვს, რომ გადაფასებაც შეიძლება დაგვიანდეს და ისიც შესაძლებელია, რომ გადასაფასებელიც აღარაფერი დარჩეს“, – წერს თედო რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში.