ჩემი რჩევაა, მედიაციის ახალ რაუნდს ნუ დაელოდებით - კალიურანდი

პუბლიკა

ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა დღეს საიას მიერ ორგანიზებულ ვებინარზე საქართველოში პოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკების ახალ რაუნდს საქართველოში აღარ უნდა ელოდონ.

„მინდა, მოვუწოდო მხარეებს თანამშრომლობისკენ საქართველოს პარლამენტში და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებისკენ. იმდენი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს სჭირდება, დაწყებული კოვიდპანდემიით, ეკონომიკური გაჯანსაღებისა დემოკრატიული რეფორმების საკითხით გაგრძელებული. თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საკითხებზე მუშაობა და უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ პოლარიზაცია და ბრალდებები“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კალიურანდმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მონაწილეობა გასული წლის მოლაპარაკებებში ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული იყო, თუმცა ამაზე მეტად ევროკავშირის როლი პროცესებში ვეღარ გაიზრდება.

„შარლ მიშელის პირადი ჩართულობა შესანიშნავი იყო. საბჭოს პრეზიდენტი ამას ყოველდღე არ აკეთებს, არც ყოველწლიურად. მაგრამ ევროკავშირს არ შეუძლია, გადაჭრას პრობლემები და გაატაროს რეფორმები. ამ ყოველივეს გასაღები თბილისში, ქართველი პოლიტიკოსების ხელშია“, – აღნიშნა ევროპარლამენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ გადაჭრის საქართველოს წინაშე არსებულ პრობლემებს, ყოველივე ამის გასაღები კი თბილისში მყოფი ქართველი პოლიტიკოსების ხელშია. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ეროვნული ინტერესები პარტიულ ინტერესზე მაღლა უნდა დააყენონ.

„მედიაციის კიდევ ერთი რაუნდი იქნება თუ არა, ამაზე სპეკულაციებს ვერ დავიწყებ. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მე არ ველოდები. ჩემი რჩევაა, რომ მედიაციის ახალ რაუნდს ნუ დაელოდებით. ევროკავშირის ჩართულობა მედიაციაში ძალიან სიღრმისეული იყო 2020 წელს, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა პრობლემების თავად გადაჭრა უნდა დაიწყონ“, – განაცხადა კალიურანდმა.