ჩვენს კლინიკაში 11 ინფიცირებული პაციენტია, არც ერთი არაა მართვით სუნთქვაზე – ლევან გოფოძე

პუბლიკა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 59 პაციენტია მოთავსებული, მათგან 21 ინფექციური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, 11-ს კოვიდინფექცია აქვს დადასტურებული.

საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ლევან გოფოძის თქმით, გუშინ ტესტირებით 9 პაციენტის ინფიცირება გამოვლინდა და ყველა მათგანი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ექიმი ამბობს, რომ 9-ვეს ეპიდანამნეზი ცნობილია.

„არც ერთ ჩვენს პაციენტს, რომელიც მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია, არ სჭირდება მართივთ სუნთქვაზე ყოფნა, თუმცა უმრავლესობას დადგენილი აქვს პნევმონია”, – აცხადებს გოფოძე.

ლევან გოფოძე აცხადებს, რომ მის კლინიკაში სასულიერო პირი არ შეუყვანიათ. ის თავიდანვე ინფექციურ კლინიკაში იყო მოთავსებული.

„ჩვენთან იყო მისი ოჯახის წევრი, რომლის ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ დადებითია კოვიდინფექცია და გუშინ ეს ადამიანი გადავიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფოში”, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.

„ჩემი როგორც სპეციალისტის არა, როგორც მოქალაქის რჩევაა – ამ ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს ადამიანებთან კონტაქტები, ამიტომაც  მთელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში მუდმივად ხედავთ წარწერას „დარჩით სახლში”. ჩემი რეკომენდაციაა, დავრჩეთ სახლში და პირადი ჰიგიენა დავიცვათ მაქსიმალურად. მაქსიმალურად დისტანცირება ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელების შეჩერებას. ეპიდემიოლოგიური პროგნოზით ყველამ კარგად ვიცით, რომ ახლა ნელნელა დგება პიკური სიტუაცია. ეპიდემიოლოგია საკმაოდ კარგად განვითარებული მეცნიერებაა და სტატისტიკური გათვლები დაფუძნებულია მეცნიერულ ანალიზზე, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს მოვერდიოთ”, – ასე უპასუხა ლევან გოფოძემ კითხვას, თუ რას ურჩევდა ის ადამიანებს, რომლებიც საეკლესიო რიტუალებზე დასწრებას გეგმავს.