ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელება მისი პროგნოზით პიკურ პერიოდში საკმაოდ მცირე იქნება და ევროპული ქვეყნების ნაწილში შექმნილი სიტუაცია აქ არ განმეორდება.
„ჩემი რწმენაა და შეიძლება სურვილია, რომ როცა პიკი იქნება და შემთხვევები მოიმატებს, ევროპის იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ეს პიკი დიდია და კატასტროფული სიტუაციაა, იმ დონეს არ მივაღწევთ. ჩვენ ისევ სოლიდურ დისტანციაზე გავყვებით ამას, ანუ იქ თუ არის ათასები, ჩვენთან იქნება ასეულები“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 70-ია. მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის stopcov.ge-ის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი. ასევე, დღევანდელი მოცემულობით, კორონავირუსით დაავადებული 9 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.