ჩემი შვილი დაიჭირეს საქართველოს სიყვარულის გამო - ანზორ მელია

პუბლიკა

ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია აცხადებს, რომ დღეს 15:00 საათზე კანცელარიასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.

„არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ შვილის დაჭერას, მაგრამ ისიც ხომ საკითხავია, შვილი ქურდობაზე არ დაუჭერიათ, მექრთამეობაზე არ დაუჭერიათ. შვილი დაიჭირეს საქართველოს სიყვარულის გამო და როგორ უყვართ ნიკა… უამრავ ავადმყოფს ვსინჯავ… ყველა მლოცავს ასეთი შვილის გაზრდისათვის, ეს არის ბედნიერება“, – ამბობს ანზორ მელია TV პირველთან.

როგორც ანზორ მელია ამბობს, მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია დააკავეს, ბედნიერებაა, სისხლი რომ არ დაიღვარა.

„მეამაყება, რომ ამდენი მხარდამჭერი ჰყავს ნიკას და წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერი ვარ? როგორც 18 წლის ახალგაზრდები, ისე 82 წლის მოხუციც იცავდა ნიკას ეს დღეები. გაუსვლელად იყვნენ ისინი იმ ოფისიდან და  მეამაყება, რომ ნიკამ ეს შეძლო,  გაეერთიანებინა ოპოზიციის ლიდერები“, – ამბობს ანზორ მელია.

როგორც ანზორ მელია აღნიშნავს, მას ნიკა მელიას მეგობრები და პოლიტიკოსები ამხნევებენ. მისივე თქმით, ამ მასშტაბის ოპერაცია თბილისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროსაც კი არ ჩაუტარებიათ.

„ნიკამ რა დაუშავა მაგათ? ის, რომ მილიონების შოვნაში ხელს უშლის? არ შერჩება არავის მოპარული ფული, ცირკების გამართვა, რაც დღეს გამართეს მაგათ. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე რომ იყო ტერორისტი, იქ არ ჰყავდათ ამდენი სპეცრაზმი მობილიზებული თავიანთი კიბეებით… და ნიკა რა ტერორისტი იყო ან როგორ დაანგრიეს ეს მშვენიერ შენობა? არ რცხვენიათ?“, – განაცხადა ანზორ მელიამ.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.