პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „ფრაქცია ქართული ოცნების“ სხდომაზე შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მხარდაჭერა გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა.
„ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას. სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს. მე მინდა, ამ ტრიბუნიდან გადავუხადო გულწრფელი მადლობა. მე ვიცი, რას ნიშნავს პოლიციელის მუშაობა. პოლიციელი არის გმირი, მეგობრებო. 24 საათის განმავლობაში ჩვენი პოლიციელები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე. იმაზე, რომ ჩვენ გვეძინოს მშვიდად“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევა, რაც უნდა დასრულდეს.
„ის აღვირახსნილი, ის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რაც მიმდინარეობს ნაცმოძრაობის მხრიდან არის ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი. ამიტომ ეს ქაოსი უნდა დასრულდეს. სრული მხარდაჭერა თქვენ, ბატონო ვახტანგ. სრული მხარდაჭერა პოლიციას და მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.