საკონსტიტუციოში პრეზიდენტის ინტერესებს ჩუგოშვილი და კოპალეიშვილი დაიცავენ

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

ზურაბიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ თავის წარმომადგენლებს სრულ ნდობას უცხადებს.

„ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

თამარ ჩუგოშვილი „ქართული ოცნების” სიით პარლამენტის ყოფილი დეპუტატია, მაია კოპალეიშვილი კი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

„ქართული ოცნების” მხრიდან სხდომას ხუთი დეპუტატი დაესწრება, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ასევე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.