ჩემი უფროსი არაა, არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა - ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების საკითხზე ევროპარლამენტარების კრიტიკულ კომენტარებს გამოეხმაურა.

ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირისგან დამატებით სესხის აღებაზე უარს ხელისუფლება საგარეო ვალის შემცირების მიზნით ამბობს და ევროპარლამენტარები ზედაპირულ განცხადებებს აკეთებენ.

„ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი – ეს ერთი. მეორე, თუ მათ აინტერესებთ საქმის არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და ზედაპრიული განცხადებები არ უნდა აკეთონ.

არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა. ეს იყო სესხი და ჩვენ ამ სესხის აღებაზე ვთქვით უარი. ამის გარდა, ამ სესხმა, 75-მა მილიონმა ევრომ შეიძინა დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და ძალიან ბევრი პოლიტიკური ინსინუაციისა და სპეკულაციის საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ ამ სესხის აღებისგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე, პრემიერი გამოეხმაურა სასამართლო სისტემის რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით ევროპალრამენტარების მოწოდებასაც და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო სისტემაში არაერთი რეფორმა გაატარა და დღეს ქართული სასამართლო ევროკავშირის ქვეყნების სასამართლო სისტემებსაც უსწრებს.