„ნაციონალური მოძრაობის“ და პარლამენტის ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი თავისი ძმის, უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
„მინდა გამოვეხმაური ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს “საცოდავები” უწოდა და ოპოზიციასთან დააკავშირა, დღეს უკვე ჩემი ძმა, “ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი, ჩემი გავლით, დააკავშირა ნაციონალურ მოძრაობას.
ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყოველგვარი ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუმცა, მაინც მინდა ვთქვა, რომ “ქართული ლეგიონი” არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული. რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში. მანამდე, საქართველოს იცავდნენ ყველა რუსული შემოტევის დროს.
ხაზგასმით ვამბობ, ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც სხვა რომელიმე პარტიასთან, ის არის პატრიოტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია, რის კომპენსირებასაც სწორედ ჩემი ძმა და მისი მსგავსი ათასობით ღირსეული ქართველი ახერხებს უკრაინაში“,- წერს მამულაშვილი.
დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ქართველი მებრძოლების წაყვანასთან დაკავშირებით თავისი განცხადება განმარტა. მისი თქმით, ის პატივს სცემს ყველა „ფორმიანს“, მისი განცხადება კი არასწორად იყო ინტერპრეტირებული.
პრემიერის განმარტებით, ქართველი მებრძოლების ნაწილი უკრაინაში „თავისი იდეალისტური დამოკიდებულებით“ იბრძვის, მაგრამ არის კატეგორიაც, რომელიც მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაიყვანა.
„…მაგალითად, ვინმე მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი. მისი და „ნაცმოძრაობიდან“ იყო პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებში, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ. ჯერ მე ასე მესმის, მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს – ღმერთმა მოგცეს საშუალება, რომ იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური განცხადებების კეთება ფრონტიდან მე არ ვიცი, რა სტილია საერთოდ“, – თქვა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.