კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „იმედი LIVE-ს“ ეთერში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, გადაწყვეტილებების მიღებამდე ბევრ კომპეტენტურ ადამიანს უსმენს, როგორც სარეკომენდაციო საბჭოდან, ასევე ხვდება ადამიანებს, რომელთა ვინაობასაც არ ასახელებს.
„ვცდილობ, შესაბამის კომპეტენტურ ადამიანეთან ერთად მივიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც არიან სარეკომენდაციო საბჭოში და არა მხოლოდ მათთან ერთად. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვუსმენ, ვხვდები, თუმცა მათ ვინაობას საჯაროდ არ ვასახელებ, რომ ისინი დავიცვა თავდასხმისგან და იმისგან, რომ ძვლებიანად თუ არა, ისე არ შეჭამონ. ჩემს გადაწყვეტილებებზე სრულად ვაგებ პასუხს, მაგრამ სხვებს ძალიან ბევრს ვუსმენ, ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მივიღებ.
მაგალითად, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს რეგიონში თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თუმანიშვილის მოწაფე, გიორგი სიხარულიძე დათანხმდა სამინისტროს შეთავაზებას. ის მიდის დმანისში და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ციდან ჩამოვარდნილი ნაბიჯია, ძალიან ცდება. იმიტომ რომ ბატონი გიორგი სიხარულიძე დათანხმდა დმანისში სამხატვრო ხელმძღვანელობას, ოთხი წლის ვადით იქ ცხოვრებას და იმას, რომ არ უხელმძღვანელებს თბილისში ერთ-ერთი დიდი ტრადიციების მქონე თეატრს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამ თეატრში ჩადებს მეტ თანხას და მოხდება თეატრის რეკონსტრუქცია, იქ არის ასევე სხვა უნიკალური სამუზეუმო სივრცე, რის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას განვახორციელებთ. თუ ეს ცუდი გადაწყვეტილებებია, ამას პროფესიონალები შეაფასებენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ბრალდება, თითქოს თეატრების ახალდანიშნული ხელმძღვანელები წულუკიანისადმი ლოიალურები არიან, მათი შეურაცხყოფაა.
„თუ ჩემდამი ლოიალობის ბრალდება შეიძლება ვინმემ წაუყენოს ლევან გაბრიაძეს, რობერტ სტურუას, პაატა გულიაშვილს, ლია სულუაშვილს რომელიც პატარა ბავშვებით ხელში ახალციხეში ჩავიდა და ამ ჩვენთვის სტრატეგიულ რეგიონში, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ზურგით მოაქვს მესხეთის თეატრი, თუკი ამ ღვაწლმოსილ ადამიანებს ვიღაც წულუკიანისადმი ლოიალობა დასწამებს, ვფიქრობ, პირველ რიგში ეს მათი შეურაცხყოფაა“, – განაცხადა წულუკიანმა.