„ჩემს საქმიანობას ამ რეჟმის პირობებში აზრი ეკარგება...მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სკოლა“ - პედაგოგის წერილი მინისტრს

პუბლიკა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე წულუკიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ღია წერილით მიმართავს და წერს, რომ მიიღო გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად სკოლა დატოვოს. 

პედაგოგის შეფასებით, „გაუგონარი და სამარცხვინო ფაქტი“ მოხდა  20 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაზე „მასწავლებლის ეროვნული დღე“ რომელიც მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინასური მხარდაჭერით ჩატარდა. როგორც პედაგოგი აღწერს „სკოლების მიერ წარდგენილი პედაგოგები ამორიცხულ იქნენ დასაჯილდოებელ სიიდან და ჩანცვლებული ქართული ოცნების მომხრე პედაგოგებით.“

ეკატერინე წულუკიძე წერს, რომ რეპრესიულ გარემოში ვერცერთმა სკოლამ ვერ გაბედა ხმა ამოეღო და ახსნა-განმარტება მოეთხოვა რესურსცენტრის ხელმძღვანელისთვის, ამიტომ გადავწყვიტა პროტესტის ნიშნად გამოეცხადებინა გაფიცვა და დაუმორჩილებლობა, მდუმარე აქცია მესტიის მერიის წინ. თუმცა როგორც ის წერს, პროტესტის 23 დღის განმავლობაში პასუხი არავისგან მიუღია. ამდენად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლა დატოვოს.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს მარიამ ჯაფარიძეს და ვკითხეთ საპასუხო პოზიცია დაეფიქსირებინა ეკატერინე წულუკიძის ღია წერილთან დაკავშირებით და იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებსაც წულუკიძე რესურსცენტრის მისამართით აღწერდა. 

მარიამ ჯაფარიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ეკატერინა წულუკიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „სრული აფსურდი და ცილისწამება.“

„ამ მასწავლებლელმა იცის ძალიან კარგად, დეტალურად  ამ ღონისძიებისა და ყველა ფაქტის შესახებ,  რესურსცენტრთან დაკავშირებით ბრალეულობა რაც არის წამოყენებული არის ტყუილი და აბსურდი, მე მეტ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავაკეთებ…

ჩემი მისამართით და რესურსცენტრის მისმაართით გაჟღერებული ყოველი დეტალი არის ცილისწამება და აბსურდი“,- აცხადებს მარიამ ჯაფარიძე.

„პუბლიკა“ ასევე შეეცადა დაკავშირებოდა განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხაურს, რათა მათი პოზიცია გაგვეგო როგორც მინისტრისადმი მიწერილ ღია წერილთან დაკავშირებით, ასევე წერილში აღწერილ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელსაც პედაგოგი აღწერს, როგორც დისკრიმინაციულს. თუმცა ჩვენს ზარებსა და შეტყობინებას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ უპასუხეს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გთავაზობთ პედაგოგის ღია წერილს, რომლითაც ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და მერიას მიმართავს:

„ბატონო ალექსანდრე, მოგმართავთ ერთი რიგითი მასწავლებელი, რომელმაც 25 წელი შევალიე თაობების აღზრდას, ამ ხნის განმავლობაში ვსწავლობდი, ვასწავლიდი და პროფესიულად ვვითარდებოდი, ჩემი დაუღალავი შრომით ჩემი წვლილი შემქონდა ქართული განათლების განვითარებისა და წარმატების საქმეში.

ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ-მასწავლებელი, სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის ხუთეულის წევრი, 2017 წლის გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული და პირველი „მწვანე ჯილდოს“ მფლობელი.

ჩემი საქმიანობა არასოდეს შემოფარგლულა საკლასო ოთახით და მხოლოდ საგნის სწავლებით. არაფორმალური განათლება იყო ჩემთვის პრიორიტეტი და წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი სამოქალაქო, გარემოსდავცით, ლიტერატუტულ, მეწარმობით, ხელოვნური ინტელექტისა და STEREAM კლუბს.

ვარ მასწავლებელი,რომელმაც სკოლას 28000 ლარის ღრებულების გრანტი შევმატე, ხოლო სათემო პროექტების ჯამური ღირებულება 130000 ლარია, შევქმენი ჩემს პატარა სოფელში არაფორმალური განათლების კერა, ფარის ახალგაზრდული ცენტრი, ინოვაციების ცენტრი, სადაც 2019 წლიდან ახალგაზრდები STEM/STEAM/STREAM განათლებას იღებდნენ, ვარ სოციალური საწარმოს დამფუძნებელი, რომელიც გოგონათა და ქალთა სახელობო განათლებას უწყობდა ხელს.

ყოველივე ზემოთ თქმულისა და ასობით განხორციელებული აქტივობისა, რომელსაც ალბათ ვერც კი მოვთვლი,მე გავხდი პოლიტიკური სიბინძურის და დისკრიმინაციის მსხვერპლი მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მარიამ ჯაფარიძისა და მის უკან მდგარი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან.

თქვენ ბრძანეთ, რომ სკოლა უნდა იყოს დეპოლიტიზირებული და პოლიტიკის ადგილი სკოლაში არ არის, როგორ გულით გეთანხმებით, მაგრამ თქვენ ვერ უზრუნველყავით, მეტიც თქვენ მიერ პარტიული ნიშნით ხელდასმული რესურსცენტრებისა და დირექტორების ხელით შეძელით პოლიტიკა სკოლებში შემოგეტანათ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მასწავლებლები და დირექოტრები პარტიულ სამსახურში ჩაგეყენებინათ, ხოლო განსხვავებული შეხედულებისა და პოლიტიკური გემოვნების პედაგოგები ჩაგეყენებინათ უთანასწორო და უსამართლო პირობებში.

დიახ, მე ვარ მასწავლებელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ღიად ვუჭერ მხარს და აქტიურად ვაპროტესტებდი ე.წ „რუსულ კანონს.“ სწორედ ეს ჩემი აქტიურობა არ გამორჩენია სისტემას და ამის გამო გავხდი რეჟიმის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი.

ა/წ 20 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაზე „მასწავლებლის ეროვნული დღე“ რომელიც მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინასური მხარდაჭერით ჩატარდა, გაუგონარი, სამარცხვინო და ამაზრზენი ფაქტი მოხდა. სკოლების მიერ წარდგენილი პედაგოგები ამორიცხულ იქნენ დასაჯილდოებელ სიიდან და ჩანცვლებული ქართული ოცნების მომხრე პედაგოგებით და ამის შემოქმედად რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დაგასახელათ თქვენ, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ცხადია,სამინისტრომ ამაზე მიპასუხეთ, რომ თქვენ არ იღებდით მონაწილეობას პედაგოგთა დისკრედიტაციაში….

გამომდინარე იქიდან,რომ ამ რეპრესიულ გარემოში ვერცერთმა სკოლამ ვერ გაბედა ხმა ამოეღო და ახსნა-განმარტება მოეთხოვა რესურსცენტრის ხელმძღვანელისთვის, გადავწყვიტე ჩემით მეპოვა პასუხები, გამოვაცხადე გაფიცვა და დაუმორჩილებლობა, მდუმარე აქცია მესტიის მერიის წინ, პასუხი არავისგან მიმიღია, კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან პიროვნული შეურაცხყოფის მსხვერპლი გავხდი.

23 დღიანი პროტესტის განმავლობაში არც კი უცდია რესურსცენტრის ხელმძღვანელს კომუნიკაცია ჰქონოდა სკოლასთან და ეწარმოებინა მოლაპარაკებები, რათა არ დაზარალებულიყვნენ მოსწავლეები და თავად პედაგოგი, რომელიც პასუხს ითხოვს კითხვაზე, რატომ? მივხვდი,რომ ჩემს საქმიანობას ამ რეჟმის პირობებში აზრი ეკარგება, სისტემა უსამართლო და ულმობელია,რომ განათლების სამინისტრომ, ჩემმა სკოლამ ვერ უზრუნველყო ჩემთვის, პედაგოგისთვის წინასაარჩევნოდ შეექმნა თანასწორუფლებიანი და სამართლიანი გარემო, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სკოლა, სადაც 25 წელი გავატარე და სკოლის წარმატება ჩემს დაღლილი მხრებზე იდგა.

ბატონო ალექსანდრე, მოგმართავთ თქვენ, სისტემაში ძალიან ბევრი მასწავლებელი გვყავს, ვინც რეჟიმის მსხვერპლია და ამ წუთებში დიდ წნეხს განიცდის. თქვენ ხართ ვალდებული მიიღოთ ზომები და შეაჩეროთ ხელმძღვანელი პირების თავნებობა და პედაგოგებს მისცეთ თავისუფალ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა….

სისტემისადმი პროტესტის ნიშნად, გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა ჩემმა შვილმაც,რომელიც ჩემსავე სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. ვწუხვარ, რომ ის დიდი იმედებით იწყებდა თავის პროფესიაში თავის დამკვიდრებას და მალევე შეეჯახა სისტემურ უსამართლობას, რომელმაც მის მასწავლებელს და მშობელს ისეთი დარტყმა მიაყენა ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ვითხოვ, ჩაერთოთ ფაქტის შესწავლის პროცესში და პასუხი აგოს ყველა დამნაშავე საჯარო მოხელემ, რომელმაც წინასაარჩევენოდ მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლებში შექმნა დისკრიმინაციული გარემო“,- ნათქვამია წერილში.