ჩემს თავს გამოვუტანე განაჩენი, ვიყო ქრისტიანი და ვებრძოლო უსამართლობას ეკლესიაში | პეტრე ცაავა

პუბლიკა

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს პასუხობს და აცხადებს, რომ თავის თავს უკვე გამოუტანა განაჩენი – იყოს ქრისტიანი და „სიკვდილამდე ებრძოლოს უწმინდურობას ეკლესიაში“.

„ღიმილისმომგვრელია, როდესაც ბოდბელ მთავარეპისკოპოსს ჰგონია, რომ უფალს უგზავნის ბრძანებებს დასამოწმებლად. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, მე ნამდვილად ჩემს თავს გამოვუტანე განაჩენი, რომ ვიყო ქრისტიანი და ბოლომდე, სიკვდილამდე ვიბრძოლო ეკლესიაში არსებული უწმინდურობის, უსამართლობის, უკანონობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ“, – აცხადებს პეტრე ცაავა.

მისივე თქმით, საეკლესიო სასამართლოს გარეშე მიღებულ არც ერთ გადაწყვეტილებას ძალა არ ექნება.

„ესენი არიან ყველაფრის მკადრებელი ადამიანები, ძალმომრეობისა და უკანონობის შემთხვევაში ამათთვის ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იქნება უკანონობა და ძალა არ ექნება მსგავს გადაწყვეტილებებს, საეკლესიო სასამართლოს გარეშე მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას არ ექნება ძალა. მე წავაყენე ბრალდება, შეუძლიათ მათ გამოიკლიონ, დაკითხოს ახალმა ან იმავე კომისიამ, დაკითხონ მეუფე ვახტანგი და ის მოწმეები, რომლებიც მე გავაჟღერე გუშინ“, – აღნიშნავს ის.