ჩემს წინასწარ გლოვას სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება - სააკაშვილი

პუბლიკა

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მოინახულა.

გვარამიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მან მედიასთან სააკაშვილის მორიგი მიმართვა წაიკითხა.

„მინდა, მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და ყველას ყურადღება უნდა დაეთმოს ამას, ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია.

ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა, მე ჩემი მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე, და ჩემს წინასწარ გლოვას ახლა აშკარად სჯობს ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, – აცხადებს სააკაშვილი.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ უახლოეს ორ დღეში, სავარაუდოდ, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდება საჭირო.

ყიფშიძე აცხადებს, რომ სიტუაცია კრიტიკულთან ძალიან ახლოს არის. მისივე თქმით, სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება ტალასემია, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შიმშილობის ფონზე აუარესებს.