ჩემთან ციხეში შემოსასვლელად საპარლამენტო მანდატია საჭირო - სააკაშვილი

პუბლიკა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის Facebook-გვერდზე საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ბოიკოტი რჩება ძალაში, თუმცა საპარლამენტო მანდატის დატოვება ხელს შეუშლის მასთან, ციხეში ვიზიტს, ასევე საკონსტიტუციო კენჭისყრაში მონაწილეობას.

„მე დღეს შევხვდი და ასევე წერილობითი კომუნიკაცია მქონდა ჩემი თანამებრძოლების დიდ ნაწილთან. პრაქტიკულად ყველა მზადაა, რომ ახლავე გამოვიდეს პარლამენტიდან და დადოს მანდატი. ეს პატრიოტული მიდგომა ძალიან მახარებს.

მაგრამ აქვე ჩნდება კონკრეტული კითხვები. ჩემთან ციხეში შემოსასვლელად და მუდმივი კონტაქტისთვის საპარლამენტო მანდატია საჭირო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ტალღა აიწევა, რომელიც ივანიშვილს აიძულებს დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ამისთვის, საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის, კონკრეტულ მომენტში საჭიროა ხალხის მანდატით აღჭურვილი ჩვენი წარმომადგენლების პარლამენტში ყოფნა. ამიტომ ბოიკოტი რჩება ძალაში და მიმდინარე საპარლამენტო საქმიანობაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ, „ქართულ ოცნებას“ მარტო დატოვებენ“, – წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი თავის განცხადებაში ასევე მიესალმება ბოიკოტს „ლელოს“ მხრიდან.

„ტაქტიკური ამოცანების გადაჭრის შემდეგ მანდატებს ყველანი აუცილებლად ჩავაბარებთ და ახალი, დემოკრატიული და კოალიციური პარლამენტის მანდატებზე გადავცვლით, რომელიც აუცილებლად იქნება მოქალაქეთა ინტერესების დამცველი. ქართველმა ხალხმა ივანიშვილი დამაჯერებლად უკვე დაამარცხა.

ეს გამარჯვება უნდა გავუფორმოთ ხალხს და სწორედ ამისთვისაა საჭირო ტაქტიკურად სწორი და ზნეობრივად მართალი ნაბიჯების გადადგმა“, – წერს სააკაშვილი.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა – სხვადასხვა ადგილზე პერმანენტულ აქციებში ბევრი მოქალაქის მაღალი ჩართულობა, „წუწუნისა და პესიმიზმის სრული იგნორირება და ჩემი გათავისუფლება, რათა ბრძოლაში ჩართვა სრულფასოვნად შევძლო“.


მიხეილ სააკაშვილი 1 ნომბრის წერილში აღნიშნავდა, რომ ოპოზიციას ხელისუფლებამ გამარჯვება წაართვა და თანამებრძოლებმა უნდა დატოვონ პარლამენტი, თუმცა მიაჩნია, რომ მანდატები საჭიროა პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების მხარდასაჭერად.