„ჩემთვის და თქვენთვის სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში ქალებს სასტიკად ხოცავენ“ – პრეზიდენტის მიმართვა პოლიციელებს

პუბლიკა

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ფემიციდისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, პოლიციის დამსახურებით, დღეს ქალები ბევრად დაცულად გრძნობენ თავს, თუმცა ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ამისთვის ერთობლივად უნდა იმუშაონ როგორც პოლიციამ, ასევე სახელისუფლებო შტოებმაც.

„მართალია, ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა სამარცხვინო, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა დღეს, რომ საქართველოში ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ. თქვენთვისაც ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და ვიცი, რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა პოლიციასთან მიდიან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი და ეს უკვე აღარაა გამონაკლისი.

მაგრამ ისიც ვიცით თქვენც, მეც და ყველამ, რომ კიდევ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდდათ, ყველა ზომა მივიღოთ. იქნება ეს მთავრობა, პარლამენტი თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, იმას მივაღწიოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, – მიმართა პრეზიდენტმა პოლიციელებს.

პოლიციელის დღის საზეიმო ღონისძიებას, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გარდა, ესწრებიან პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები.