გუშინ, 19 დეკემბერს, „ეზოში“ უტა ბერიას ფილმის, „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენება გაიმართა.
ღონისძიება ერთგვარი პასუხი იყო კინოცენტრის გადაწყვეტილებაზე, რეჟისორის უარის მიუხედავად, ეჩვენებინათ ფილმი თანამედროვე ქართული ფილმების რეტროსპექტივაზე.
ეროვნულმა კინოცენტრმა 15 დეკემბერს, ავტორის უარის მიუხედავად, კინოს სახლში „უარყოფითი რიცხვების” ჩვენება მოაწყო.
ჩვენებისას პროტესტის ნიშნად უტა ბერიამ ფილმი გამორთო. მოგვიანებით კი დაწერა, რომ ის მაყურებელს თავის ნამუშევარს დამოუკიდებლად აჩვენებდა.
„მერვე თვეა, 450 კინემატოგრაფისტი ვითხოვთ სისტემურ ცვლილებებს კინოცენტრში. ამ დროს მათ მოინდომეს კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმების რეტროსპექტივა. ეს ადამიანები, ვინც ამ ხნის მანძილზე პროტესტს გამოვთქვამთ და ვითხოვთ ცვლილებებს, ვართ ავტორები იმ ფილმების, რომელთა ჩვენებაც მოისურვეს მათ იმ დროს, როცა ავტორების სამართლიანი მოთხოვნები არის სრულად უგულებელყოფილი.
შესაბამისად, მეც და ჩემმა კოლეგებმაც გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნულ ღონისძიებაში ჩვენი ფილმები არ ეჩვენებინათ.
ჩემი და პროდიუსერის უარის მიუხედავად, 15 დეკემბერს, როგორც ჰქონდათ ჩანიშნული, ფილმი მაინც გაუშვეს. ეს რომ აღმოვაჩინე, მე მომიწია ფილმის გათიშვა, მომიწია მაყურებლისთვის ბოდიშის მოხდა და დავპატიჟე ისინი ალტერნატიულ ჩვენებაზე“, – უთხრა უტა ბერიამ „პუბლიკას“.
რეჟისორი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ფილმი მაყურებლამდე მიიტანოს, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია მისი ჩვენება უარის მიუხედავად.
„უარყოფითი რიცხვების ჩვენება, როგორც კომერციული ასევე არაკომერციული, საჯარო ჩვენება, არაერთხელ გაგვიმართავს – ვიარეთ სოფლებშიც, რეგიონებშიც, სკოლებშიც და ყველა ავტორისთვის და, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც, უმნიშვნელოვანესია, რომ ფილმი მივიტანო მაყურებლამდე. მაგრამ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ფილმის ჩვენება ავტორის უარის მიუხედავად და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კოლაბორაციონიზმი და უმოქმედობა მაშინ, როდესაც სხვებს აცენზურებენ და შეურაცხყოფას აყენებენ“, – ამბობს უტა ბერია.
„კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირი“ რეჟისორის ნების საწინააღმეგოდ ფილმის ჩვენებას აფასებს, როგორც ბოიკოტში მყოფი ავტორების მიზანმიმართულ დაშანტაჟებას.
პროფკავშირის წარმომადგენელი, ეკა წოწორია „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ჩვენების ირგვლივ ატეხილ აურზაურზე პასუხისმგებლობა კინოცენტრს ეკისრება.
„კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირი ამ ძალმომრეობით აქტს ფილმის ჩართვის და ჩვენებისა, ვაფასებთ, როგორც მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, ბოიკოტში მყოფი ავტორების მიზანმიმართულ დაშანტაჟებას და მიუღებლად მიგვაჩნია ეს.
სრულ პასუხისმგებლობას ამ ჩვენების ირგვლივ აწეულ აურზაურზე ამასთანავე ვაკისრებთ კინოცენტრს და წესით, ამ ორგანიზაციამ უნდა მოიხადოს ქართველი მაყურებლის წინაშე ბოდიში. თუმცა ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ კინოცენტრის თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამარცხვინო სტატუსი, ბაჩანა ოდიშარიას პოსტზე მაქვს საუბარი, სადაც იგი კინემატოგრაფისტებს გვემუქრება, რომ კინოცენტრთან ურთიერთობას თუ არ ვისწავლით, ჩვენ ამას გვასწავლიან.
ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, საჯარო მოხელე და ფუნქციონერი მიმართავდეს შანტაჟის და დაშინების ენას კინემატოგრაფისტებთან საუბრისას. ჩვენი პროფკავშირი ასევე აფასებს საავტორო უფლებების დარღვევას ძალიან საგანგაშოდ, ბოიკოტში მყოფი ავტორების დისკრედიტაციის მცდელობებს – მიუღებლად და ასევე სხვა საჯარო მოხელის მხრიდან შანტაჟის და მუქარის ენის გამოყენებას – აბსოლუტურად მიუღებლად“, – ამბობს წოწორია.
ეროვნულმა კინოცენტრმა 15 დეკემბერს, ავტორების უარის მიუხედავად, „უარყოფითი რიცხვები“ თანამედროვე ქართული კინოს რეტროსპექტივის ფარგლებში მაინც გაუშვა. ჩვენებისას პროტესტის ნიშნად უტა ბერიამ ფილმი გამორთო. მოგვიანებით კი დაწერა, რომ ის მაყურებელს თავის ნამუშევარს დამოუკიდებლად აჩვენებდა.
კინოჩვენების ჩაშლას „ვანდალური“ უწოდა კინოცენტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსმა და სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, „Pos tv-ის“ წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ. მისი თქმით, ცენტრს თავდაპირველად ფილმის ჩვენებაზე პროდიუსერისგან თანხმობა ჰქონდა.
„მათი თავგასულობა აღარ გაგრძელდება, ეს არაა ძველი კინოცენტრი, რომელსაც საკუთარი ჯიბის ინსტიტუციად იყენებდნენ და ეს არ არის დუქანი. კინოცენტრის, როგორც ინსტიტუციის პატივისცემის სწავლა მოგიწევთ, და ამას ან ისწავლით, ან გასწავლით!“, – დაწერა ოდიშარიამ Facebook-ზე.
ამის შემდეგ, საქართველოს კინოცენტრმა რეტროსპექტივის, „თანამედროვე ქართული კინოს“ სიიდან სამი ფილმი ამოიღო. როგორც „პუბლიკას“ ორგანიზაციაში განუმარტეს, სია ავტორის მოთხოვნით შეიკვეცა. რეტროსპექტივა 2005-2023 წლებში შექმნილი ქართული ფილმების მონაწილეობით იმართება. ფილმების განახლებულ სიაში აღარ იძებნება უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“, ასევე – ზაზა ხალვაშის „ნამე“ და „სოლომონი“.