ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების პოზიციები - ოხანაშვილი პოდოლიაკზე

პუბლიკა

ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები, – ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

ოხანაშვილის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ეს ადამიანები ვერ იქნებიან ჩვენი მხრიდან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს აკეთებენ და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს არ ნიშნავს. ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ამ კომენტარით უნდა შემოიფარგლოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველომ გააზრებული არჩევანი უნდა გააკეთოს, რა არის ისტორიულ პერსპექტივაში მისთვის მნიშვნელოვანი.

„საქართველოს ჰქონდა არჩევანი, ან ირჩევთ თავისუფლების ღირებულებას, ან არ უჭერთ მხარს ავტოკრატიას. არავინ არ გთხოვთ უკრაინის გამო მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. გთხოვენ, რომ პირდაპირ თქვათ. და არა მარტო გთხოვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, გააზრებული არჩევანი, იმაზე, თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი. თქვენ ან ხართ სიკეთის მხარეზე, ან იმ ქვეყნის მხარეზე, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს თავად, თუმცა უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მეტი სისხლისღვრითა და კაციჭამიაობით. და თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები. საქართველომ ეს თავად უნდა გააკეთოს, საქმე არაა ჩვენს ზეწოლასა თუ ზეწოლის უქონლობაში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.