„ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ბურჭულაძემ ახსენა კომიტეტი”, – ამის შესახებ პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მან პროცესზე გაიხსენა იმ ვიდეოს გადაღების ისტორია, რომელშიც პაატა ბურჭულაძე საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ასახელებს.
მისი თქმით, ეს მისთვის მოულოდნელობა იყო იმის გამო, რომ ბურჭულაძეს მანამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები არ სჭირდებოდა.
„მაგრამ არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება, ჩავთვალე, რომ ეს არის ერთგვარი პერფორმანსი… მიზანი ვერ გავარკვიე, რისთვის იყო საჭირო ეს, მართალი გითხრათ, მაგრამ არანაირი შიში არ ჩამრთვია ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მან.
რატომ მივიდა ის ბურჭულაძის ოფისში? – აღნიშნა, რომ იქ მისვლა ჟურნალისტებმა სთხოვეს, რათა საკმარისი რაოდენობის გადამღები ჯგუფი არ ჰყავდათ. ვინაიდან „სტრატეგია აღმაშენებლის” ოფისი ახლოს იყო, ფეხით მალევე გადავიდა აღნიშნულ ოფისში, სადაც ჩაეწერა ჟურნალისტებს.
„ჩემი ჩაწერის დროს მოდის ბატონი პაატას თანაშემწე გოგონა, რომელიც მეუბნება, რომ ბატონ პაატას აქვს ფოტოს გადაღების სურვილი შენთან ერთად… მივედი. რამდენიმე ფოტო უკვე გადაღებული ჰქონდათ, როგორც ვიცი, თუმცა თქვეს, რომ ამას არ აქვს „დრაივი” და რამე ვიდეო ხომ არ შეიძლებოდა, რომ ჩავწეროთო… ვიდეოში ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ბურჭულაძემ ახსენა კომიტეტი. იმის შემდეგ, რაც გითხარით, რომ პაატას ნათქვამი ჰქონდა, რომ პოლიტიკური პარტიები და ლიდერები არ სჭირდებოდა პროცესში”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
დასაწყისში, სანამ ის ამ ვიდეოს გადაღებას გაიხსენებდა, ადვოკატის შეკითხვაზე – იყო თუ არა ის აქციის საორგანიზაციო საქმიანობაში ჩართული, უპასუხა, რომ ის აქციის ორგანიზატორი არ ყოფილა და არც აქციის საორგანიზაციო საქმიანობაში ყოფილა ჩართული.
„ბატონმა პაატამ (ბურჭულაძემ) განაცხადა, რომ ატარებდა ზეეროვნულ კრებას, ყრილობას, სადაც ვერ ხედავდა ადგილს პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური ლიდერების. სურვილის შემთხვევაშიც კი, მხოლოდ ამ განცხადების მერეც, მე ვერ ვიქნებოდი ვერანაირი აქციის, მათ შორის მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორი”, – აღნიშნა მან.
შეკითხვაზე, 4 ოქტომბრის დღემდე, ხომ არ ჰქონია პაატა ბურჭულაძესთან, ან რომელიმე იქ მყოფ [ბრალდებულებთან] ნადირაძე იქნება ეს, ზოდელავა თუ ლაშა ბერიძეს, ვისაც ორგანიზატორებად მიიჩნევენ…. თუ ჰქონდა რაიმე საუბარი 4 ოქტომბრის აქციის განვითარების ხაზზე, გასაჟღერებელ მესიჯებზე ან რაიმეს მსგავსზე?
პაატა მანჯგალაძე პასუხობს, რომ არცერთ ამ ადამიანთან 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ჰქონია, „არასდროს, არცერთ ფორმატში”, „მე ვრჩებოდი გარე მხარდამჭერად”.
პაატა მანჯგალაძის თქმით, მას არ ჰქონია არანაირი მოლოდინი რომ აქციაზე რაიმე ძალადობრივი მოხდებოდა:
„პირდაპირ გეტყვით, მე ვარ იურისტი და მე კარგად ასე ვთქვათ ვგრძნობ საფრთხეს, მე ასეთი რამე რომ მეგრძნო, პირდაპირ გეუბნებით, მე არ მივიდოდი იმ დღეს ტელევიზიის ეთერში, მე რომ რისკი დამენახა იმისი რომ შეიძლება ამას რაიმე ფორმით რაიმე რისკი [მოჰყოლოდა]…
მე ვთვლიდი, რომ ეს ე.წ. მშვიდობიანი დამხობა იყო მარკეტინგული, კარგად შეფუთული ხრიკი ბევრი ადამიანის აქციაზე მოსაზიდად. ამის იქით [სხვა] შინაარსი და დატვირთვა მე არ მიმიცია არცერთი სიტყვისთვის…
მშვიდობიან დამხობაზე იყო ლაპარაკი და ყოველთვის ასე ამბობდნენ. მე ასე მესმოდა. მე პირადად არცერთ ეთერში არ მითქვამს [ტერმინი მშვიდობიანი დამხობა], მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვიყავი ეთერში, არა იმის გამო, რომ რაიმე ფორმით დაკავშირებული ვიყავი ამ აქციასთან ან რაიმეს ორგანიზებასთან, უბრალოდ იგივე რუტინით და იგივე ტემპით, როგორც მანამდე ვთანამშრომლობდი მედიებთან, ვაგრძელებდი თანამშრომლობას და თუ კითხვა იქნებოდა, ვაფიქსირებდი პოზიციას…
„მშვიდობიანი დამხობა უკვე თავისთავად ჩემი წარმოდგენით, ჩემი აღქმით გამორიცხავს ყველანაირ ძალადობას. კიდევ ვამბობ, არ ეწყინება ალბათ ბატონ პაატას, მე ჩავთვალე, რომ ეს არის ხალხის მოსაზიდად გამოყენებული სიტყვა….“, – აღნიშნა მან.