ჩემზე უკეთესი კანდიდატი გვყავდა, მაგრამ მასზე ზეწოლა განხორციელდა - გახარია თბილისის მერის არჩევნებზე

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ის თავად არ აპირებდა თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა, პარტიის მიერ შერჩეულ კანდიდატზე მოხდა ზეწოლა და შემდეგ გადწყვიტა თავად ჩართულიყო თბილისის მერობისთვის ბრძოლაში.

„ჩვენ მართლა ღირსეული მერობის კანდიდატი გვყავდა, რომელიც, შემიძლია, ასევე, გულწრფელად გითხრათ, რომ ჩემზე ბევრად უკეთესი მერი იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მასზეც განხორციელდა ზეწოლა და ეს იყო უკვე ბოლო წითელი ხაზი, რის გამოც მე ეს გადაწყვეტილება მივიღე.

ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება,  რამეთუ ჩვენ უბრალოდ დავინახეთ, რომ „ოცნება“ თავისი ქმედებებით, განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში გვაბრუნებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულში, რაც კატეგორიულად მიუღებელია “, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას არ დაუკონკრეტებია, თუ ვის განიხილავდა პარტია თავდაპირველად თბილისის მერობის კანდიდატად. პარტიის შექმნის შემდეგ ყოფილი პრემიერი აცხადებდა, რომ თბილისის მერობისთვის მასზე უკეთესი კანდიდატებიც არსებობენ, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ის თავად ჩაერთვებოდა.