„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ხვალინდელ აქციას უერთდებიან.
მისი თქმით, სოლიდარულები არიან იმ ხალხის მიმართ, ვინც ევროპული არჩევანი გააკეთა.
ამასთან, ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ეშინია იმისა, შეძლებს თუ არა ოპოზიცია იმას, რომ ხალხს იმედი აღარ გაუცრუვდეს. ამის შესახებ მან Facebook-ზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ხვალინდელ პროტესტს ჩვენ, ფედერალისტები აუცილებლად შევუერთდებით. შევუერთდებით იმიტომ, რომ სოლიდარულები ვართ, პირველ რიგში, იმ ხალხის მიმართ და ჩვენც ის ხალხი ვართ, ვინც ევროპული არჩევანი გავაკეთეთ და დღეს საფრთხის წინაშე ვდგავართ.
პროტესტი უნდა იყოს და უნდა ვნახოთ, რეალურად თუ არჩევნები მოპარულია, ეს ხალხი გაბრაზებულია და თუ გაბრაზებულია ქუჩაში გამოვა. ამას უნდა გავყვეთ. ჩვენი ხმების დაცვა თუ ქუჩაშია შესაძლებელი, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ამ ხალხს, რომ ქუჩაში დავიცვათ.
მაგრამ, კიდევ ერთხელ, ყველა ამოვდივართ საკუთარი გამოცდილებიდან და ეს გამოცდილება არსებობს 2020-ის, როდესაც მე თვითონ მაშინ ბოიკოტის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ როცა ოპოზიცია ბოიკოტზე წავიდა, სხვა მაგ დროს რა უნდა ქნა, გარდა იმისა, რომ გაჰყვე ოპოზიციას, როდესაც რეჟიმს ებრძვი.
სულ მქონდა იმის შიში, რომ ვერ მივა ეს ყველაფერი ბოლომდე და გამოიწვევს დიდ იმედგაცრუებას ხალხში, რომ რაღაც მოლოდინები შეიქმნა და მერე ვერ შესრულდა. ახლაც ამისი მეშინია. გავალ, დავდგები, მხარს დავუჭერ და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა და მე და ჩემმა ოჯახმა ჩვენი არჩევანი დავიცვათ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თავს ასევე გრძნობენ.
მაგრამ მეშინია და ვშიშობ, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ამის აწევას და ხომ არ იქნება ეს მორიგი იმედგაცრუება, რომელიც იქნება სრული კატასტროფა“, – ამბობს ის.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, არ აღიარებს შედეგებს და ორშაბათს, 28 ოქტომბერს ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აქციას აანონსებს. ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც ესწრებოდნენ, ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და მსოფლიოს აჩვენონ, რომ არ აღიარებენ შედეგებს.