ჩერნიგოვის მერი: პირობის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩერნიგოვზე თავდასხმები, შეიძლება ითქვას, გაზარდა

პუბლიკა

ჩერნიგოვის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვის განცხადების მიუხედავად, რომ „მნიშვნელოვნად შემცირდებოდა“ თავდასხმები კიევსა და ჩერნიგოვზე, რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩერნიგოვზე თავდასხმები, შეიძლება ითქვას, გაზარდა. ამის შესახებ წერს CNN, რომლის კორესპონდენტმა ჩერნიგოვის მერი ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩაწერა.

„რუსეთის დელეგაციის დაპირების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც კიევსა და ჩერნიგოვში ცეცხლის ინტენსივობა უნდა შემცირებულიყო, ჩვენ რეალურად ვხედავთ ბომბებისა და ნაღმტყორცნების ინტენსივობის ზრდას. ბოლო 24 საათის განმავლობაში… ჩვენმა საავადმყოფოებმა 20 დაშავებული მიიღეს – როგორც სამხედროები, ასევე, მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განუცხადა მერმა ჟურნალისტს.

როგორც მერი ჟურნალისტს მიუთითებდა, პაციენტები საავადმყოფოებში ფანჯრებისგან მოშორებით, დერეფნებში არიან მოთავსებულები.

„რუსები იყენებენ ნაღმტყორცნებს, რომლებიც ძალიან ძველ იარაღს ჰგავს და არ არის ზუსტი. ნაღმტყორცნებს ქალაქიდან ოთხი-ხუთი კილომეტრის მოშორებით ისვრიან… რუსი სამხედროები მიზნად ისახავენ მშვიდობიანი მოსახლეობისა და საცხოვრებელი უბნების განადგურებას“, – აღნიშნა მერმა.