ჩერნობილს ყურადღება უნდა დავუთმოთ, რადიოაქტიური ღრუბელი ევროპამდე მიაღწევს - საერთაშორისო ორგანიზაცია IPPNW

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები ბირთვული ომის პრევენციისთვის“ (IPPNW) ევროპის ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ ჩერნობილში გაჩენილ ხანძარს. ორგანიზაციის განცხადებით, რადიოაქტიურმა ღრუბლებმა ევროპას უკვე მიაღწია და საფრთხეს არა მარტო უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც შეუქმნის.

ორგანიზაციის „ექიმები ბირთვული ომის პრევენციისთვის“ მტკიცებით, ჩერნობილის არეალში მიმდინარე ხანძარმა 46 000 ჰექტარი მოიცვა, თანაც ბოლო დღეებში მიუახლოვდა უშუალოდ სარკოფაგის მიმდებარე ტერიტორიას, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის. ხოლო უკრაინაში ჰაერის დაბინძურება მკვეთრად გაიზარდა.

„კვირის ბოლოს უკრაინის დედაქალაქ კიევში სიტუაცია გაუარესდა. ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს, არ გამოსულიყვნენ გარეთ, გაეწმინდათ ფანჯრები სველი ტილოთი და მიეღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე, რადგან დედაქალაქის თავზე რადიოაქტიურმა ღრუბლებმა მოიყარა თავი. IQAir-ის მონაცემებით, კიევი ჰაერის დაბინძურებით მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ქალაქად იქცა“, – აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაცია და მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, მეტი ყურადღება მიაპყრონ უკრაინაში შექმნილ სიტუაციას.

ორგანიზაციის განცხადებით, შესაბამისი სამსახურების ჩატარებული სინჯებიდან ნათელია, უკრაინაში ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება, მათ შორის, რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ით. ხოლო სატელიტური ფოტოებიდან ჩანს სქელი კვამლი, რომელიც ხანძრის კერიდან კიევს და დანარჩენ უკრაინას მოედო. ცოტა ხანში კი ეს რადიოაქტიური ღრუბელი ევროპასაც მოიცავს.

„მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ არ არსებობს რაიმე ზღვარი, რომლის დაბლაც რადიაცია უსაფრთხო იქნება. რადიაცია არასასურველია ნებისმიერი დოზით და უნდა ავირიდოთ, თუკი არის ამის საშუალება. ამჟამინდელი სინჯებით, ის ხალხისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს დრამატულად, სანამ ჩერნობილში ხანძარი ბოლომდე არ ჩაქრება“, – აცხადებს დოქტორი ალექს როზენი საერთაშორისო ორგანიზაციის „ექიმები ბირთვული ომის პრევენციისთვის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. 13 აპრილს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარმა ქალაქ პრიპიატს მიაღწია, რაც ორი კილომეტრით იყო დაშორებული რადიოაქტიური ნარჩენების საცავთან, სადაც ყველაზე მაღალია რადიოაქტიური გამოსხივება. მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩერნობილში ხანძარი ჩააქრეს. უკრაინის სამართალდამცველებმა ხანძრის საქმეზე ორი პირი დააკავეს.