ჩერნობილში ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება - იაროსლავ ემელიანენკო

პუბლიკა

„ჩერნობილში სიტუაცია კრიტიკულია“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრი ჩერნობილის დახურული ზონის მართვის საკითხებში იაროსლავ ემელიანენკო.

მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ რეალობა განსხვავებულია და ხანძარი სწრაფად ვრცელდება.

ემელიანენკო აცხადებს, რომ ხანძარმა პრიპიატს მიაღწია და ის ორი კილომეტრით არის დაშორებული რადიოაქტიური ნარჩენების საცავთან, სადაც ყველაზე მაღალია რადიოაქტიური გამოსხივება.

„ახლა ცეცხლი ქალაქ პრიპიატშია, 2 კილომეტრში კი მდებარეობს რადიოაქტიური ნარჩენების საცავი, სადაც ყველაზე მაღალი გამოსხივების რადიაციული ნარჩენებია“, – წერს იაროსლავ ემელიანენკო.

ჩერნობილში ხანძარი მეათე დღეა მძვინვარებს. ემელიენენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაშველები მუშაობენ, ქარის გამო ის საშიშ ზონაში გავრცელდა.

მან მოუწოდა ხელისუფლებას რომ ყურადღება მიაქციონ ჩერნობილის ხანძარს და ხალხს უთხრან სიმართლე, თუ რა ხდება სტიქიის ზონაში.

ჩერნობილის ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები.