ჩერნობილთან გაჩენილი ხანძრის შემდეგ რადიაციის დონე დასაშვებზე 16-ჯერ გაიზარდა

4 აპრილს უკრაინაში, ჩერნობილის მახლობლად, ტყეში გაჩენილი ხანძრის შემდეგ რადიაციის დონე კრიტიკულად გაიზარდა.

„ძალიან ცუდი ამბავია. ხანძრის ეპიცენტრში რადიაციის დონემ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა”, – განაცხადა უკრაინის ეკოინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, იგორ ფირსოვმა. განცხადებაზე თანდართული ვიდეომასალა, რომელიც ფირსოვმა გაასაჯაროვა, აჩვენებს, რომ ხანძრის ეპიცენტრში რადიაციის დონე დასაშვებ ზღვარს 16-ჯერ აღემატება. მისივე თქმით, ხანძარმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ 100 ჰექტარი ტყის ტერიტორია მოიცვა.

ხანძრის გაჩენისთანავე სიტუაციის სამართავად ხელისუფლებამ ხანძრის ეპიცენტრში 2 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და 100-მდე მეხანძრე გაგზავნა. 5 აპირლს, დილას ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იყო და რადიაციის დონის მატებაც შეჩერდა. მათივე თქმით, რადიაციის მატება მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი არ ყოფილა.

1986 წლის 26 აპრილს უკონტროლო რეაქციის შედეგად ჩერნობილის რეაქტორზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რადიოაქტიური ნივთიერებები ატმოსფეროში გაიფანტა და მომწამვლელი ღრუბელი დასავლეთ რუსეთის, ბელორუსის, უკრაინისა და ევროპის თავზე გაიფანტა.

ჩერნობილის კატასტროფა 2011 წლის 11 მარტამდე, ფუკუშიმას ატომური რეაქტორის კატასტროფამდე, ერთადერთი მოვლენა იყო, რომელიც საერთაშორისო ატომურ შკალაზე მეშვიდე დონეს უტოლდებოდა.

ჩერნობილის კატასტროფამ საბჭოთა კავშირს 18 მილიარდი რუბლის ზარალი მიაყენა.

უშუალოდ კატასტროფის შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი, ხოლო რადიოაქტიური მოწამვლის შედეგად გაჩენილი დაავადებები დღემდე აწუხებთ ქალაქ პრიპიატისა და მის შემოგარენში მცხოვრებ ადამიანებს.

1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. რეაქტორზე მომუშავე და სადგურის 30-მდე სხვა თანამშრომელი ან აფეთქებისას დაიღუპა, ან მიღებული დაზიანებების შედეგად, კატასტროფიდან რამდენიმე დღეში. მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა ათასობით ადამიანმა კი რადიაციული დასხივება მიიღო.

ჩერნობილი მთელ  დედამიწაზე რადიოაქტიური ნივთიერებებით ყველაზე მეტად დაბინძურებულ  ადგილად რჩება.

როგორც ცნობილია, ჩერნობილში მიტოვებული ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ხანძრის გაჩენა ხშირი მოვლენაა.

 

წყარო: The Guardian