„ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება

პუბლიკა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, „ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება.

ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების – ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ.

„ჭიაკოკონობის“ რიტუალი აღდგომის წინა ოთხშაბათს იმართება ხოლმე. ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს.

ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.