ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განახლდება

პუბლიკა

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ ავრცელებს განცხადებას, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაო აღარ განახლდება.

კომპანია წერს, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად მომგებიანი არაა, რასაც, მათი თქმით, ადასტურებს გერმანული საკონსულტაციო კომპანიის მიერ შესწავლილი ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები.

განცხადების მიხედვით, შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ფაქტორები:

  1. მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
  2. მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
  3.  შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა ; მოპოვების კუთხით;
  4. ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია;

ამის შედეგად „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ სამუშაოები აღარ განახლდება. კომპანია აცხადებს, რომ დამატებით უნდა მოიზიდოს ფული დასაქმებულთა კომპენსაციებისთვის.

„ბოლო წლის განმავლობაში საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზების გამო. გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი გვიწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100% გადაგვეხადა. ამ დროის განმავლობაში ხელფასებს ვიხდიდით მოძიებული სესხებით, ეს თანხა ჯამში 83 მილიონამდე ლარს შეადგენს.

სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კოლოსალურ ზარალამდე, რასაც დაემატა ის, რომ ბანკებმა ახალი სესხების გაცემაზე უკვე უარი გვითხრეს. ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ.

მინდა განვმარტო, რომ CMC პასუხისმგებელი იყო ჭიათურის საწარმოების მართვაზე და მოპოვების თვითღირებულების შემცირებაზე. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენი მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობას თან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც გასული წლის ნოემბრიდან წარმოების სრული გაჩერება მოგვიწია.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთი საფუძველი გახდა პროფკავშირის მხრიდან კომპანიისთვის კოლექტიური ხელშეკრულებით დაკისრებული სოციალური ვალდებულებები, რამაც ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას შეუწყო ხელი.

მაგალითად, შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მაღაროების 70%-ის პარალიზებისა და ფაქტობრივად სრულად გაჩერებული წარმოების პირობებში, კომპანია CMC დასაქმებულებს ხელფასის 100%-ს უხდიდა და უნარჩუნებდა საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. ხოლო საწარმოს სრულად გაჩერების პირობებში, უხდიდა ხელფასის 60%-ს.

ჯამში, გაჩერებული წარმოების პერიოდში, ბანკებიდან კრედიტების საშუალებით, კომპანიამ დასაქმებულებზე ხელფასის სახით 82,6 მილიონი ლარი გასცა. კრიზისის პირობებში, კომპანია დასაქმებულებს სრულად უნარჩუნებდა სოციალურ სარგებელსა და უხდიდა ხელფასს, რაც მძიმედ აისახა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

ასევე, კომპანიამ დამატებით უნდა მოიზიდოს ფულადი სახსრები, დასაქმებულთათვის კომპენსაციების გასაცემად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ განცხადების გავრცელების შემდეგ მაღაროელებმა საპასუხო განცხადება გაავრცელეს.

მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ თქვა, რომ „აუცილებლად ჩაყვებიან ბოლომდე და არ აპატიებენ იმას, რა ზარალიც მიადგა მაღაროელებს და ჭიათურას არასწორი ტაქტიკითა და დაგეგმარებით.

მისი თქმით, ამ განცხადებას განსაკუთრებული პასუხი სჭირდება და ხვალიდან უფრო მეტი ხალხის მობილიზებაა საჭირო.

„ზემოაღნიშნული კომპანია ეცდება, რომ იმ ობიექტებიდან, სადაც ის ოპერირებს, გაიტანოს ტექნიკა და დაცალოს ყველაფერი, რაც ხელთ მოჰყვება. ის ქონება, რაც ჩვენი ხელით და შრომითაა შეძენილი, აუცილებლად დარჩება ჭიათურას და ჭიათურლებს. აუცილებლად დაგვრჩება მაღაროელებს და თუ ვიღაც CMC ჯგუფისთვის მაღარო წამგებიანია, დავამტკიცებთ, რომ ესაა მომგებიანი.

ეს ყველაფერი რომ შევძლოთ, ამას სჭირდება ბრძოლა. ერთი წურბელა კომპანიის წასვლა არ ნიშნავს გამარჯვებას. ყველა უნდა გამოვცხადდეთ ხვალიდან, უნდა გავმართოთ მორიგეობა ყველა ობიექტზე. ერთი დეტალი, არც რკინა, არც ტექნიკა არ უნდა იყოს ობიექტიდან გამოსული. უნდა გავუფრთხილდეთ მაღაროებს, არ უნდა დავაზიანოთ, არ უნდა გავძარცვოთ. ხვალ-ზეგ რომ გავიმარჯვებთ, მაღაროებმა უნდა გადაარჩინოს ჭიათურა.

მოგიწოდებთ, ქუდზე კაცი. შესაბამისი პასუხი გავცეთ ამ უსინდისო განცხადებას, ამ უსინდისო კომპანიას, რომელმაც 2 წელი გვწოვა სისხლი, წაიღო, რაც შეიძლებოდა მეტი ფინანსები და კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. გელოდებით ყველას ხვალ დილიდან.

თითქოს საუბარია კომპენსაციაზე – ამ ადამიანს 1500 ლარზე მეტი შეაქვს, სამჯერ გაძვირებული საბანკო პრობლემის გამო. რომელი კომპენსაცია აუვა ამას? მსგავსი დაზარალებული ათასობითაა ჭიათურაში და არ. გაბედოს რამე კომპანიამ მოითხოვოს ჩვენგან. აქეთ ვართ დაზარალებული ამ კომპანიის მიერ“, – განაცხადა მიქაცაძემ.