შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ორგანიზებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ნეფარიძის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.
პროკურატურა მას მოსამართლის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრები გიორგი ნეფარიძე, რომელიც შუქრუთში „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პროტესტის ერთ-ერთი აქტიური სახე იყო, ამ ეტაპზე პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურა მას შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობას ედავება.
სწორედ მაღაროს დირექტორზე ძალადობის საქმის განმხილველი მოსამართლის, თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფის საბაბით ნეფარიძის წინააღმდეგ დაიწყო კიდევ ერთი საქმე, რომელშიც მოსამართლე თამარ მაზანაშვილი დაზარალებულადაა ცნობილი.
ნეფარიძის წინააღმდეგ ერთ საქმეში დაზარალებულად ცნობილი მოსამართლე დღემდე განიხილავს მეორე საქმეს, რომელშიც ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ნეფარიძეა.
რა მოხდა
პროკურატურა გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობას ედავება. სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, შემთხვევა 12 სექტემბრის სხდომაზე მოხდა.
ადვოკატის თქმით, პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც გიორგი ნეფარიძემ რამდენჯერმე მოუწოდა, არ მიეცა ცრუ ჩვენება, რის გამოც მოსამართლემ ნეფარიძეს შენიშვნები მისცა, შემდეგ კი პროცესიდან გააძევა.
ადვოკატის თქმით, პროცესიდან გაძევების პროცედურის განმარტებისას გიორგი ნეფარიძემ მოსამართლეს შემდეგი რეპლიკით მიმართა: „დაახვიე [განჩინება] და ერთ ადგილას გაიკეთე“. სწორედ ამ რეპლიკის გამო, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით.
მას შემდეგ, რაც გამოძიება დაიწყო და მოსამართლე საქმეზე დაზარალებულად ცნეს, ადვოკატმა შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის საქმიდან მისი აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა აცილება არ დააკმაყოფილა.
„[24 ოქტომბერს] მქონდა სასამართლო სხდომაზე ვრცელი, დასაბუთებული შუამდგომლობა მოსამართლის აცილებაზე.
განვაცხადე, რომ საქმეს განიხილავდა მოსამართლე, რომელიც დაზარალებულად იყო ცნობილი გიორგის სხვა ბრალდების საქმეზე და ბუნებრივია, არსებობდა ეჭვი იმისა, რომ ის იქნებოდა მიკერძოებული და ვერ წარმართავდა პროცესს ისე, როგორც საჭირო იყო. მოვითხოვდი მის აცილებას.
საკმაოდ დიდი ხანი მოანდომა მოსამართლემ ფიქრს, გავიდა სასამართლო დარბაზიდან და ყველას გვეგონა, რომ გადაწყვეტდა თვითაცილებას, თუმცა განაცხადა, რომ რადგანაც ის ამ კონკრეტულ საქმეში [მაღაროს დირექტორზე ძალადობის საქმეში] არაა დაზარალებული, აცილებას არ დააკმაყოფილებდა“, – ამბობს ადვოკატი.
ნინო ანდრიაშვილის თქმით, მან ასევე რამდენჯერმე მოითხოვა სხდომებიდან გაძევებული გიორგი ნეფარიძის დაბრუნება, თუმცა მისი შუამდგომლობა მხოლოდ მას შემდეგ დაკმაყოფილდა, რაც პროკურატურის მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა.
ადვოკატის თქმით, გიორგი ნეფარიძეს ამ ბრალდების აღიარება შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა. მისივე პოზიციით, სასამართლოს ჰქონდა უფლებამოსილება, ადმინისტრაციული სანქციით შემოფარგლულიყო და სისხლის სამართლის დევნა არ დაწყებულიყო.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიების ეტაპი დასრულებულია, საქმე გადაცემულია სასამართლოსთვის.
არსებითი განხილვის პირველი სხდომა 16 იანვარსაა ჩანიშნული.
შუქრუთის მცხოვრები გიორგი ნეფარიძე ჭიათურაში პროტესტის 3 მონაწილესთან – თენგიზ გველესიანთან, მერაბ სარალიძესთან და არჩილ ჭუმბურიძესთან ერთად 29 აპრილს დააკავეს.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას.
სასამართლომ მათ საქმეზე არსებითი განხილვა უკვე დაასრულა.
დღეს, 12 იანვარს, ქუთაისის რაიონულ სასამართლოში გიორგი ნეფარიძისა და მერაბ სარალიძის საბოლოო სიტყვებს მოუსმინეს.