ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა

პუბლიკა

ჭიათურაში პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა.

„ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მოშიმშილეებს ვისაც ვუთხარი, ლამის ყველა წინააღმდეგი იყო. მინდა, ამით ყველას დავანახო, რომ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“, არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, ერთად დავინახავთ ყველა“, – განაცხადა მან ვიდეოში, რომელიც „მაღაროელმა“ გაავრცელა.

„ან ჩვენი სამართალი იზეიმებს, ან უკან არ ვიხევთ […] მოდით, ნახეთ, თვალებამოკერილი ადამიანი როგორი სანახავია და ჯერ კიდევ არ იცით, რაზე ვართ წამსვლელი, როცა ასეთი უსამართლობა ტრიალებს ჩვენ მიმართ. სირცხვილია!“, – განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.

10 დასაქმებული მე-7 დღეა შიმშილობს, 3 000-ზე მეტი მაღაროელი კი 13 დღეა გაფიცულია. ერთ-ერთმა მათგანმა პირიც ამოიკერა.

პროტესტის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

15 ივნისს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულებს შესთავაზა, განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები.

განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ იმ  თანამშრომლებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობაზე გადასვლას არ თანხმდებიან, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა და კომპანია ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.

მაღაროელები ამბობენ, რომ ტყუილი დაპირებები კომპანიის ძლიერი მხარეა და აქამდეც არაერთხელ ყოფილან მსგავსს სიტუაციაში. ისინი პროტესტის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ ძირეული ცვლილებები არ მოხდება და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება.