ჭიათურაში მაღაროელების პროტესტია - ისინი ხელფასის მატებასა და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ

პუბლიკა

„ხელფასის მატება, ძველი სამუშაო გრაფიკი, კუთვნილი შვებულება, ნაყოფიერ შრომაზე წამახალისებელი დანამატი, სპეცტანსაცმლის აღჭურვილობის მოწესრიგება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით უკვე მეორე დღეა, ჭიათურის მერიასთან მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ სამუშაო პროცესი შეჩერებული აქვთ.

მშრომელები სამუშაო პირობების შეცვლას და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ – სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის კუთვნილ შვებულებებს და ბიულეტენზე გასვლისას ანაზღაურების მიღებას.

როგორც „პუბლიკასთან“ ერთ-ერთი მაღაროელი ამბობს, თუკი კომპანია არ დააკმაყოფილებს დასაქმებულთა მოთხოვნებს, მშრომელთა პროტესტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

„კომპანიამ 2023 წლის 1 იანვრიდან, ყველა თანამშრომელი გადაგვიყვანა 60%-იანზე 3 თვის ვადით, რაც ნიშნავს, რომ ხელფასის მხოლოდ 60%-ს ვიღებდით, თუ კი მეკუთვნოდა 1000 ლარი ვიღებდი 600 ლარს. 3 თვის შემდეგ დაგვაბრუნეს [ძველ რეჟიმზე], დავიწყეთ სამუშაო პროცესი, მაგრამ მოხდა ის, რომ მოგვიწია მეტი მუშაობა ნაკლები ანაზღაურების ხარჯზე. პირობები ბევრად გაგვიუარესდა. ამან დასაქმებულებში ბუნებრივი პროტესტი გამოიწვია.

ხელმძღვანელობას დავუფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ამ პირობებში და რეჟიმში ვერ ვიმუშავებდით. ამის შემდეგ, დამსაქმებელმა უცბად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაშინ ისევ 60%-იან ანაზღაურებაზე გაგიშვებთო, რასაც ავტომატურად პროტესტი მოჰყვა დასაქმებულებს შორის. ხელფასის მატება არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს სხვა მოთხოვნები, ისეთი, რისი მოთხოვნაც დასაქმებულს არ უნდა უწევდეს. ამ ყველაფერს კომპანიასთან შეხვედრაზე დავაფიქსირებთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი პირობები არ დაკმაყოფილდება და კომპანია არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მაშინ პროტესტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს“, – ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.

მაღაროელების სხვა მოთხოვნებს შორისაა: სადაზღვევო კომპანიის შეცვლა, ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება, საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება.