ჭიათურაში პროტესტი გრძელდება, შიმშილობს 10 მაღაროელი | მოთხოვნები

პუბლიკა

„ხელფასის 40%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის 3 000-ზე მეტი მაღაროელი უკვე მე-8 დღეა ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.

10-მა მათგანმა გუშინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა გამოაცხადა. ისინი საკვების მიღებაზე უარს აცხადებენ.

ჭიათურაში გუშინ ჩავიდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილი მედიატორი, რომელიც პროცესებში ჩაერთო. ასევე ჩართულები არიან შრომის ინსპექციის წარმომადგენლებიც.

ცოტა ხნის წინ, მაღაროელებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. მათი თქმით, პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

გთავაზობთ ჭიათურის მაღაროელთა მოთხოვნების სრულ ჩამონათვალს:

1. ხელფასის 40%-იანი მატება (არ ეხება მენეჯმენტს);
2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი);
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება);
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
5. მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება;
6. მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება;
7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება);
9. დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე;
10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით;
11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით;
12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე;
13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად;
14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს.
კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად, გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.