ჭიათურაში სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

პუბლიკა

ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

ისინი მოითხოვენ, დამოუკიდებელმა აუდიტმა შეაფასოს მათი სახლები, მიწის ნაკვეთები და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვების სამუშაოების შედეგად მათთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს.

ამჯერად, 10-მა ადამიანმა გამოაცხადა შიმშილობა და სამმა პირი ამოიკერა. მათ ჭიათურის ცენტრში, მერიასთან კარვის გაშლაც მოინდომეს, ამის უფლება კი მერმა არ მისცა.

„ჩვენთვის არავის უკითხავს, გვინდოდა-არ გვინდოდა ამ მდგომარეობაში ჩავცვენილიყავით. კომპანიის მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად მივედით ისეთ გამოუვალ მდგომარეობამდე, რომ სახლები თავზე გვენგრევა, მიწები შუაზე იხსნება.

კარვის გაშლის უფლება არ მოგვცა ქალაქის მერმა გივი მოდებაძემ.

2 კვირის მანძილზე არანაირი ყურადღება არც ადგილობრივი ხელისუფლებისგან, არც კომპანიისგან 85 დღის მანძილზე არანაირი ყურადღება, არანაირი რეაგირება. იძულებული გავხდით, მიგვემართა  უკიდურესი ფორმისთვის, დღეს ამოვიკერეთ პირი  და დავიწყეთ შიმშილობა“, – განაცხადა ერთ-ერთმა პირამოკერილმა.

ადგილობრივები მოითხოვენ, აანაზღაურონ შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ. ისინი ამბობენ, რომ თუ კომპანია და ხელისუფლება მათ ყურადღებას არ მიაქცევს, პროტესტის უკიდურეს ფორმას ქალებიც მიმართავენ.

პროტესტის მონაწილეების საპასუხოდ „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომპენსაციების გაცემა დაწყებულია.

„იმ სამი პიროვნებიდან, რომლებმაც მოაწყვეს აქცია, ორის მფლობელობა შეფასებულია კერძო აუდიტის მიერ. თანხა აღემატება საბაზრო ღირებულებას, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ დათანხმდნენ ისინი კომპენსაციას.

რაც შეეხება მესამეს, ბატონ მოდებაძეს, აღნიშნული ოჯახი ეკომიგრანტები არიან. შესაბამისად, 2018 წელს მუნიციპალიტეტმა ოჯახს მისცა სახლი. გაურკვეველია ამ პიროვნების მოთხოვნა“, – განუცხადა „ფორმულას“ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე თვეებია, საპროტესტო აქციებს მართავენ.

მათი თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის მოპოვებითი 24-საათიანი სამუშაო საქმიანობა საგრძნობ ზიანს აყენებს გარემოს და მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებს. მათივე თქმით, სოფელში, სადაც 280 ოჯახი ცხოვრობს თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია. დაბზარულია საძირკველი, კედლები, იატაკი. რამდენიმე სახლი სრულად დაინგრა. ალაგ-ალაგ ჩავარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები; საფრთხე შეექმნა საფლავებსაც.

მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყურადღებასა და მედიატორის როლის შესრულებას მოითხოვს.