ჭიათურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ნოდარ ჩაჩანიძემ, რომელმაც 2 ოქტომბრის არჩევნებში 36%-მდე მხარდაჭერა მოიპოვა, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ჭიათურაში ასეთი მხარდაჭერა არასოდეს ჰქონია დამოუკიდებელ კანდიდატს და იქ ყოველთვის სამთავრობო კანდიდატი იმარჯვებდა, რიგი მიზეზების გამო.
ნოდარ ჩაჩანიძე პროფესიით იურისტია. ის ამბობს, რომ ყოველთვის აქტიური იყო იმ საქმეში, რასაც აკეთებდა, პოლიტიკაში მოსვლა კი მშობლიურ ქალაქში ცვლილებებისთვის გადაწყვიტა.
„ყოველმა მესამე ჭიათურელმა დამიჭირა მხარი. მთელ მუნიციპალიტეტში 7 300 ხმა ავიღე, დაახლოებით.
2007 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას მერე, ძირითადად, თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ ყოველ ჩასვლაზე უარესობა, უფრო მძიმე გარემო, უფრო მძიმე სოციალური პირობები, უფრო გადათხრილი ქალაქი, უფრო მეტი გარემოსდაცვითი პრობლემები, მეტი სიღატაკე და ყველაფერი უფრო ცუდი და ცუდი მხვდებოდა ყოველწლიურად და ეს იყო ძალიან მძიმე.
… ვალად მივიჩნიე, რომ მე შემიძლია, რაღაც შევცვალო. ყველაზე რეალური საშუალება კი, ცვლილების, შეიძლება, იყოს პოლიტიკა.
ჭიათურის ისტორიაში არცერთ დამოუკიდებელ, ოპოზიციურ ან არასამთავრობო კანდიდატს არ ჰქონია ასეთი მაღალი შედეგი.
რეალურად, ყველამ იცის დღეს ჭიათურაში… იცის მათ შორის პირველ რიგში „ქართულმა ოცნებამ“, რეალური მხარდაჭერა მოსახლეობის, ბუნებრივი სიყვარული და მხარდაჭერა იყო ჩემ მხარეს და არის ჩემ მხარეს დღესაც.
უნდა აგიხსნათ ჭიათურის სიტუაცია… ბევრმა მითხრა, რომ „ოცნება “ თბილისს წააგებს, მაგრამ ჭიათურას არა. ბეღელია ჭიათურა, ბიუჯეტის ბეღელი. მილიარდზე მეტი გადის ყოველწლიურად ამ ქალქიდან.
…30 000 ლარი აიტანეს ერთ დასახლებაში, მარგანეცის სუნიანი ფულები დაარიგეს…
გული რატომაც მწყდება, არის ის, რომ ცვლილებები დაგვიანდება. კიდევ გადაიდო. ზუსტად ვიცოდი, მეორე დღიდან რა უნდა გამეკეთებინა, როგორი გუნდი უნდა შემექმნა“, – ამბობს ნოდარ ჩაჩანიძე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ჭიათურაში (დათვლილია უბნების 100%) „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ 55.62% აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ნოდარ ჩაჩანიძემ კი – 35.73%.