„ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში საწარმოო პროცესს სრულად აჩერებს. კომპანია მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალურ” პროტესტს ასახელებს. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ჯორჯიან მანგანეზის” თქმით, თანამშრომლებს ხელფასის 60 %-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობენ.
კომპანია აცხადებს, რომ „მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, კომპანია ეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოს კრიზისის დაძლევის გეგმა”.
„სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო, ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გაჩერდა. აღნიშნულ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის 60 %-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას ვთავაზობთ.
ჩვენმა მენეჯმენტმა, საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად, რვა თვიანი კრიზისის შედეგები შეაფასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან კომპანიას შუქრუთის მოსახლეობის პროტეტის გამო იძულებით მოუწია წარმოების 70 %-ის შეჩერება, რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა.
აღსანიშნავია, რომ ამ მძიმე პირობებში, როდესაც საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებული იყო კომპანია თანამშრომლებს სრულად უხდიდა ხელფასის 100%-ს.
შიდა და გარე ფაქტორებმა, ჭიათურის საწარმოებში მძიმე ფინანსური კრიზისი შექმნა, რის გამოც კომპანიას იძულებით მოუწია სპეციალური რეჟიმის ამოქმედება.
მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, კომპანია ეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოს კრიზისის დაძლევის გეგმა. გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი აღსრულება საჭიროა იმისათვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს”, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში.
ასევე, „ბათუმელები” ავრცელებს ინფორმაციას, რომ პირველი ნოემბრიდან სრულად ჩერდება ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ყველა ღუმელიც, თუმცა ამასთან დაკავშირებით კომპანია ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ 30 ოქტომბერს, შპს „მაღაროელის“ თანამშრომლებს კომპანიის წარმომადგენელი, თემურ ხონელია შეხვდა და განუცხადა, რომ კომპანია, სავარაუდოდ, 5 თვით, 2025 წლის აპრილამდე აჩერებს მუშაობას.
„დაახლოებით ორი კვირაა ჭორის დონეზე დადის ეგ ინფორმაციები, თუმცა არ გვჯეროდა, იმიტომ, რომ ხშირად ვრცელდება ხოლმე ასეთი ჭორები და არ მართლდება. გუშინ დილით შეგვხვდა დასაქმებულებს და პროფკავშირს თემურ ხონელია და გვითხრა ასეთი რაღაც, რომ ხელფასის 60%-ს გადაიხდიან და საუბარია, სავარაუდოდ, აპრილამდე გაჩერებაზე როგორც ჭიათურის, ასევე ზესტაფონის.
გვქონდა თხოვნა, რომ ბანკების სესხი მაინც შეეჩერებინათ, რაღაც პასუხისმგებლობა აეღოთ ბანკის პრობლემებზე და გვითხრა, რომ მხოლოდ 60%-ს გადაიხდიან [ხელფასის] და მეტი არაფრის საშუალება არ აქვთ ამ პირობებში.
2023 წლის თებერვალშიც ასე იყო, მაგრამ მაშინ ბანკის სესხი ვისაც ჰქონდა, ყველას გაუჩერეს სესხები. ახლა ბანკებთან დაკავშირებით აღარაფერს ამბობენ”, – ამბობს მიქაცაძე.
მისივე თქმით, კომპანიამ დროებით გაჩერების ერთ-ერთ მიზეზად შუქრუთის პროტესტი დაასახელა.
„გვითხრეს, რომ დაწყებული შუქრუთის პროტესტიდან და ამ შეჩერებიდან, თითქმის 60% გაჩერებულია წარმოების და, შესაბამისად, აღარ შეგვიძლიაო. მე არ ვიცი ახლა, ეს 60% საიდან უნდა გადაიხადოს, თუ კრიზისშია და თუ არ იმუშავებს 6 თვის განმავლობაში?
მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ კომპანიას არ შეუძლია მარტო ამ საქმის კეთება და ჯობია, რომ ჩაეხსნას და ვინც შეძლებს, იმან უნდა მართოს და დასაქმებულებიც კმაყოფილი ჰყავდეს და თავისი თავიც”, – აცხადებს მაღაროელი.
მიქაცაძე ამბობს, რომ კომპანიას დასაქმებულებისთვის არც ალტერნატიული სამუშაო შეუთავაზებია.
„აბსოლუტურად არც ალტერნატიული სამუშაოები შემოგვთავაზეს. მე ძალიან დამწყდა გული, რომ სახელმწიფომ ამაზე მწვანე აუნთო. 5 ათასი ადამიანი და ცოტა მეტი ჩერდება და ეს ასე თავისუფლად გადაწყვიტა სახელმწიფომ და დართო კომპანიას ნება”.
„ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს.
კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, „ჯორჯიან მანგანეზი” 6 ათასამდე თანამშრომელს და რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს,
რომელთა შორისაა:
- ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომპლექსი, სადაც მანგანუმის მადნის მოპოვება და გამდიდრება მიმდინარეობს;
- ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტს – სილიკო-მანგანუმს აწარმოებს;
- ვარციხეჰესი, სრულად განახლებად ენერგიაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიაც უზრუნველყოფს მოპოვება-წარმოების პროცესს.