ჭიათურის მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა გამოაცხადეს. 10 მაღაროელი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს. მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” დათმობებზე არ წავიდა.
3000-ზე მეტი დასაქმებული უკვე მე-8 დღეა ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.
ჭიათურაში გუშინ ჩავიდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილი მედიატორი, რომელიც პროცესებში ჩაერთო.
„მედიატორი დანიშნა ჯანდაცვის სამინისტრომ, გარდა ამისა, პროცესში ჩართული არიან შრომის ინსპექტორებიც. გუშინ მედიატორი გაესაუბრა დასაქმებულებს, გაეცნო მათ პრობლემებს და უკვე მიმდინარეობს მედიაციის პროცედურები. იქნება პირისპირ შეხვედრები, როგორც დასაქმებულებთან, ასევე კომპანიის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნავენ შრომის ინსპექციაში.
მაღაროელები ამბობენ, რომ საჭიროა მაღაროებში ტექნიკური აღჭურვილობის გადაიარაღება, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება, შრომითი პირობების შეცვლა და ხელფასების ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ მედიაციის პროცესი დაიწყო მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მაინც მიმართეს. ისინი პროტესტის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„სანამ აქციებს დავიწყებდით იქამდე გვქონდა შეხვედრები ხელმძღვანელობასთან, ვთხოვდით იმას, რაც მათ კანონით უნდა გაეკეთებინათ, თუმცა ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. შემდეგ დავიწყეთ აქციები, 1 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ვმართავდით აქციებს, ვითხოვდით მინიმუმს, არანაირ დათმობებზე არ წამოვიდა კომპანია და უბრალოდ სხვა გზა არ გვქონდა. ორჯერ დაგვიბარეს შეხვედრაზე და ორივეჯერ მოგვატყუეს, აქედან გამომდინარე ჩვენ დათმობებზე არ წავალთ, უკან არ დავიხევთ. არ აქვს მნიშვნელობა მედიაციის პროცესი დაიწყო თუ არა, 10-მა კაცმა ერთპიროვნულად მივიღეთ გადაწყვეტილება.
თავს კარგად ვგრძნობთ, იმაზე კარგად ვიდრე წარმოვიდგენდით, მოტივაცია გვაქვს ძალიან დიდი, ერთმანეთს ვამხნევებთ“, – ამბობს მოშიმშილე მაღაროელი.
„გუშინ გვიან ღამემდე გვქონდა შეხვედრა მედიატორთან. ყველაფერი ჩაიწერა, ჰქონდა კითხვები დასაქმებულების მიმართ, თითოეული ჩვენი მოთხოვნა უფრო დავუკონკრეტეთ და ვუთხარით პრეტენზიები, რაც კომპანიის მიმართ გვაქვს. დღეს იქნება შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან და ალბათ უფრო მეტი დეტალი ხვალ იქნება ცნობილი. პარალელურად, 9 მაღაროელი შიმშილობს და პროტესტი გრძელდება მანამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები“, – ამბობს დავით ჩინჩალაძე.
მაღაროელების სხვა მოთხოვნებს შორისაა: სადაზღვევო კომპანიის შეცვლა, ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება, საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლო გადასახადის შემცირება.
„ჯორჯიან მანგანეზი“ კი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო დღის წესრიგში დადგა ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულთა ხელფასის გადახდას ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს.