ჭიათურის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა და პარტია დატოვა

პუბლიკა

ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ თანამდებობა და პარტია დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. 

„ზუსტად ვხვდები, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასული პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ, მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი.

ჩემი აზრით, ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო“, – წერს ნიკა სამხარაძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. ის წერილს აქვეყნებს, სადაც კერი დეგნანს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ“.