ჩიკვაიძე: თუ არ შეიცვლებიან ბადრაგები, გადავალთ მშრალ შიმშილობაზე

პუბლიკა

გიორგი ჩიკვაიძე ჰყვება, რომ შიმშილობის დაწყებამდე, 25 ოქტომბერს, ციხის ადმინისტრაციამ მას და მის თანამესაკნეებს საკვები არ მიაწოდა.

გიორგი ჩიკვაიძის დედამ 26 ოქტომბერს თქვა, რომ გიორგი ჩიკვაიძემ და მასთან ერთად საკანში მყოფმა ირაკლი პაპიაშვილმა და ანრი კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს საპასუხოდ განაცხადა, რომ „გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია”.

უწყებამ თქვა, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და მის თანამესაკნეებს ციხის თანამშრომლებმა 25 და 26 ოქტომბერს საუზმით სახით კანონით დადგენილი ულუფა შესთავაზეს, რაზეც მსჯავრდადებულებმა უარი განაცხადეს და საკანში მხოლოდ პური დაიტოვეს, შემდეგ კი სადილისა და ვახშმის მიღებაზეც განაცხადეს უარი იმ მიზეზით, რომ არ სურდათ.

პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ მსჯავრდებულებს ციხის თანამშრომლებმა 26 ოქტომბერსაც შესთავაზეს სადილი და კვლავ უარი მიიღეს, გიორგი ჩიკვაიძემ კი მათთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო.

ჩიკვაიძის წერილი პენიტენციურის განცხადების შემდეგ გამოქვეყნდა. ის ჰყვება, რომ პენტენციურმა მათ სადილი არ მიაწოდა.

„ციხე სადილს გვაწვდის 13:00-დან 14:00 საათამდე. გახდა 15:00 საათი და სადილი არ იყო მოსული.  დაახლოებით 4-ის ნახევარზე, ბადრაგ ჯონი საბაშვილს ვკითხეთ, რა იყო ამის მიზეზი. მან გვითხრა – არ ვიცი, დღეს სადილს დააგვიანდა და მეტს ვერაფერს გეტყვითო”. – წერს გიორგი ჩიკვაიძე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ 15 წუთში ბადრაგი დაბრუნდა და უთხრა, რომ საკვები ყველას დროულად მიეწოდა და „გასაოცარია, რომ თქვენთან არ ყოფილაო”.

ჩიკვაიძის თქმით, ამის შესახებ 15:30 საათზე თეთრ ფურცელზე დაწერა და ბადრაგს სახალხო დამცველსა და გენინსპექციაში დარეკვის უფლება სთხოვა.

„დაახლოებით ნახევარ საათში მან გამიყვანა დასარეკად. როდესაც დავრეკე 15-55-ზე – გენინსპექციის ცხელ ხაზზე, ავტომოპასუხემ მიპასუხა, კომუნიკაცია ვერ განხორციელდება, რადგან ის შეზღუდულიაო.

იქვე იჯდა ე.წ. „კორპუსნოი“, ვისაც კორპუსის უსაფრთხოება აბარია.

ვუთხარი, რომ აღნიშნული ტელეფონიდან გენინსპექციის ცხელი ხაზის ნომერი იყო შეზღუდული და ამის თაობაზე ვთხოვე ოქმის შედგენა. პასუხად „კორპუსნოიპაპუნამ მიპასუხა, რომ ის ოქმს ვერ შეადგენდა, რადგან არ ესმოდა, თუ რას მეუბნებოდა ავტომოპასუხე ტელეფონის ყურმილში.

მე მას შევთავაზე, რომ თავად ეცადა, რაზეც მივიღე პასუხი, რომ მას არ ჰქონდა ტელეფონთან ახლოს მოსვლის უფლება”. – წერს ჩიკვაიძე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ სახალხო დამცველის ოფისში დარეკა და საკვების მიუწოდებლობისა და გენინსპექციის ცხელი ხაზის ნომერზე შეზღუდვის შესახებ აცნობა, შემდეგ კი საკანში დაბრუნდა და თავის მიერ ნაყიდი პროდუქტებით მოამზადა საკვები.

ჩიკვაიძე ამბობს, რომ დაახლოებით 7 საათზე საკვების დამტარებელმა სამხარი შესთავაზა.

„ჩვენ მას ვკითხეთ, თუ რა მიზეზით არ მოგვეწოდა საკვები შუადღისას, როცა ყველა საკანს მიეწოდა. მისი პასუხი იყო, რომ რას ჰქვია, არ მოგეწოდათ, მე შუადღეს მოვედი, საკვები შემოგთავაზეთ, მაგრამ თქვენ თავად თქვით უარიო, რაზეც გაგვეღიმა.

პასუხად, საკვების დამტარებელმა შეგვაგინა და სარკმელი მოხურა.

ამის შემდეგ, ამ ფაქტის დასაფიქსირებლად, ბადრაგ ჯონი საბაშვილს ვთხოვეთ, რომ მოსულიყო „კორპუსნოი” პაპუნა.

დაახლოებით ნახევარ საათში, მობრუნდა და საკნის კარი გააღო ბადრაგმა ჯონი საბაშვილმა.

მას თან ახლდა ჩვენთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც მკითხა – გისმენთ, რა გინდათო?!

მე მას ვინაობა ვკითხე, რაზეც მიპასუხა, რომ იყო ციხის თანამშრომელი.

მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ გვინდოდა „კორპუსნოიპაპუნასთან შეხვედრა და არა ჩვენთვის უცნობ ბადრაგთან, რაზეც ჯონი საბაშვილმა გვიპასუხა, რომ პაპუნას არ ეცალა და მერე მოვიდოდა. პაპუნა არ გამოჩენილა”. – წერს ჩიკვაიძე.

მისივე თქმით, მომდევნო კვირა დღეს მუშაობდა ბადრაგის სხვა ცვლა. შესაბამისად, სხვა იყო კორპუსის უსაფრთხოების წარმომადგენელიც,

„ვინმე გიორგი, რომელიც დილიდანვე აგრესიით გამოირჩეოდა”. – ამბობს ჩიკვაიძე და დასძენს, რომ „მალევე, მან მოიტანა საწერი კალმით შედგენილი ოქმი, რომელშიც ეწერა, თითქოს, შაბათს დღის საკვებზე თავადვე ვთქვით უარი”.

„რა თქმა უნდა, ვუთხარით, რომ ამ ოქმს ხელს არ მოვაწერდით, რადგან ეს არ იყო სიმართლე. ამაზე მან აგრესიულად გვიპასუხა, რომ თავად წყვეტდა, რა იყო სიმართლე.

ჩვენ ოქმზე ხელი არ მოვაწერეთ. ამ ფაქტის შემდეგ, მივხვდით რა, რომ მათ დაგეგმილი ჰქონდათ პროვოკაცია, კვირას, 26 ოქტომბერს, თავად გამოვაცხადეთ უარი ციხის საკვების აღებაზე და განვუმარტეთ, რომ ამას ვაკეთებდით პროტესტის ნიშნად და გამოვიყენებდით მხოლოდ ჩვენს მიერ შეძენილ საკვებს.

დაახლოებით 13:00-დან 14:00 საათამდე გაიღო საკნის სარკმელი და იგივე საკვების დამტარებელმა შემოგვთავაზა სადილის აღება, რაზეც ჩვენგან მიიღო უარი და სიტყვიერი განცხადება, რომ არავის დასაცინები ჩვენ არ ვართ.

ამის შემდეგ, დაახლოებით 15 წუთში, საკანში შემოვარდა „კორპუსნოი” გიორგი, რომელმაც კრიმინალური, ქუჩური ლექსიკით დაგვიწყო ყვირილი, საქმის გარჩევა და მუქარა.

მისი ფრაზები იყო შემდეგი: „თქვენ რა გაბლატავებთ, ბიჭო”, „რა დღეში ხართ ეს აქციონერები, ბიჭო”, „თავს გაუფრთხილდი და ადმინისტრაციას ნუ ახსენებ, ბიჭო”.

ამაზე მე მას ვუთხარი, რომ მოემართა სახელით და არა „ბიჭოთი“, რადგან ჩემთვის ამ ტიპის ქუჩური ლექსიკა მისგან იყო მიუღებელი. შემდეგ ვკითხე გვარი, რაზეც მიპასუხა, რომ მის გვარს და თავს „დამამახსოვრებდა, ბიჭო”.

აქვე განაცხადა, თითქოს, ჩვენ ვაგინეთ საკვების დამტარებელს და ამის გამო დავისჯებოდით.

ამ ფაქტიდან დაახლოებით 15 – 20 წუთში, პროტესტის ნიშნად, მე – გიორგი ჩიკვაიძე, ირაკლი პაპიაშვილი და ანრი კვარაცხელია გადავედით სრულ შიმშილობაზე, ასევე, მოვითხოვე დარეკვა სახალხო დამცველთან და საქმის კურსში ჩავაყენე მისი ოფისი.

დაახლოებით 20:30-ზე საკნის სარკმელი გააღო ბადრაგმა და მითხრა, რომ ციხის ადმინისტრაციამ, იმის გამო, რომ საკვების დამტარებლისთვის შეგიგინებიათ, დამატებითი სასჯელის სახით, 30 დღით აგიკრძალა ტელეფონით სარგებლობაო.

მინდა, მივმართო ამ ქვეყნის იურისტებს, უფლებადამცველებს და, ზოგადად, ხალხს – რა ჰქვია ჩემ მიერ აღწერილ ორ დღეს და არის თუ არა ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა დახურულ საკანში მყოფი პატიმრებისთვის?”. – წერს გიორგი ჩიკვაიძე.

ის ასევე მიმართავს „ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას და სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს:

„თითქმის ერთი თვეა, ინფორმირებული ხარ, თუ რას სჩადის გლდანის მე-8 დაწესებულებაში სტაჟიანი ჯალათი რამაზ ფირცხალავა. შენ ნამდვილად არ უნდა გავიწყდებოდეს ციხის ისტორია და ამიხსენი, როგორ ხდება, რომ გლდანის ციხის დირექტორად ნიშნავ კაცს, რომელიც მაშინდელი გლდანის ციხის ერთ-ერთი შემოქმედია?!

მეტიც, ერთი თვეა, რაც სამინისტროს გენინსპექციას ვთხოვთ რეაგირებას, მაგრამ რეალობად რჩება ის, რომ იუსტიციის მინისტრად წოდებული კაცი ვერ აჩერებს ციხის მოძალადე დირექტორს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩემი ღრმა ვარაუდით, შენ წარმოადგენ ფიქტიურ მინისტრს და არავინ გიშვებს მართვის სადავეებთან. სხვანაირად ეს ვერ აიხსნება. მაგრამ, გახსოვდეს, როდესაც პასუხისგების დრო დადგება, ფრაზა, რომ „მე არავინ არაფერს მეკითხებოდა”, ვერ გამოდგება შენს ინდულგენციად.

ასევე, მივმართავ სახალხო დამცველს – ლევან იოსელიანს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ გემადლიერება, ჩემი მხრიდან უნამუსობა იქნება, არ აღვნიშნო, რომ თითქმის ყოველ მომართვაზე, შენი უწყება რეაგირებს. სამწუხაროდ, ძალზე ნელა და, უმეტეს შემთხვევაში, უშედეგოდ”.

გიორგი ჩიკვაიძის თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ „არ შეწყდება შეზღუდვები სატელეფონო საუბრებზე და არ შეიცვლებიან „კორპუსნოები” და მათთან გარიგებული ბადრაგები”. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, გადავლენ მშრალ შიმშილობაზე.

„და ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებელნი იქნებიან პაატა სალია, ჯალათი რამაზ ფირცხალავა და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი”. – წერს გიორგი ჩიკვაიძე.