ჩინჩალაძემ 4 წლის განმავლობაში 0 საქმე განიხილა და 448 020 ლარის ხელფასი აიღო - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლის ფუნქციას არ ასრულებს.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მისი 16-წლიანი მოსამართლის კარიერიდან 4-წლიანმა მონაკვეთმა (2010-2013 წწ) ისე გაიარა, რომ მას არცერთი საქმე არ განუხილავს, 448 020 ლარის ანაზღაურება კი აიღო.

„ეს იმ ფონზე, როცა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გადატვირთულობა და მათ შორის ამ მიზეზით, საქმეთა გაჭიანურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დანარჩენ წლებშიც მიხეილ ჩინჩალაძე თვეში საშუალოდ მხოლოდ 2 საქმეს განიხილავდა მაშინ, როდესაც სხვა მოსამართლეებს წლის განმავლობაში ასობით საქმის განხილვა უწევთ.

„მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა ე.წ. კლანის ხელმძღვანელი და აშშ-ს მიერ კორუფციისთვის დასანქცირებული მოსამართლეა. ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძე კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს, რასაც სასამართლო კლანი და ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება. არადა, ეს შემოწმება აუცილებელი წინაპირობაა, რათა საქართველომ შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება”, – აღნიშნავენ TI-ში.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისერების შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ე.წ ვეთინგს, ანუ კეთილსინდისერების შესამოწმებლად მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას მიმართეს, არიან: უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.