ჩინეთი და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ

პუბლიკა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 31 აგვისტოს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინფინგმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ ტიანძინში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა. შეხვედრაზე კი ორი ქვეყნის ლიდერმა ჩინეთსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთსა და სომხეთს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა. 33 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან მოყოლებული, ორივე ქვეყანა პატივს სცემს და ენდობა ერთმანეთს, რამაც განაპირობა ორმხრივი ურთიერთობების მდგრადი, მტკიცე და სტაბილური განვითარება. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება კი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩინეთ-სომხეთის ურთიერთობების ისტორიაში.

მისი თქმით, ეს ტრადიციული მეგობრობა უნდა გაგრძელდეს და გააღრმავონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ორივე მხარემ ერთად უნდა იმუშაოს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და კავშირების გასაძლიერებლად.

ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ სომხეთი იმედოვნებს, გამოიყენებს ჩინეთის გამოცდილებას საკუთარი ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშესაწყობად, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება კი სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობებს უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.

სომხეთი მტკიცედ უჭერს მხარს „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპს. ის მოუთმენლად ელის ჩინეთთან ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოებას, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებში მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნებას და ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად განვითარებას.

ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ფაშინიანი ჩინეთში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტსა და იაპონიასთან მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთის წინააღმდეგობის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა.